რა ანდო ქართველ მესაჭურვლეს ევროპის სამეფო კარმა და ვინ ასწავლა გოჩა ლაღიძეს ჭედურობის ყველაზე მთავარი საიდუმლო
გოჩა ლაღიძეს ჭედურობის ულამაზესი ხელოვნების საიდუმლოებანი თბილისში ასწავლეს, თუმცა დიდ წარმატებებს სამშობლოდან შორს მიაღწია. 14 წლის წინ ევროპაში ბედის საძიებლად წასულმა მესაჭურვლემ ჰოლანდიაში ისეთი ნაკეთობები შექმნა, რომ მის საქმიანობაზე სამეფო კართან დაახლოებული ადამიანებიც კი ალაპარაკდნენ. სამშობლოში დროებით დაბრუნებულს ეროვნული მუზეუმის იშვიათი ექსპონატების რესტავრაციაც ანდეს, მათ შორის ერეკლე მეფის ისტორიული ხმალიც იყო. გოჩა ლაღიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა, მართალია გრდემლთან შეგირდები არ ჰყავს, მაგრამ ჭედურობის საიდუმლოებებს ევროპის ცნობილ სასწავლებლებში უზიარებს მომავალ კოლეგებს…
– პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი ვარ, მესაჭურვლეობით ბავშვობიდან დავინტერესდი. ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი, რომელთაც ჭედურობასთან კავშირი ჰქონდათ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, გავეცანი სხვადასხვა ტექნოლოგიებს, უპირველესად კი იმას, რაც ჭედურობის მთავარი საიდუმლოა. (იცინის) ჯუანშერ ჯურხაძემ, თემურ სულხანიშვილმა მასწავლეს როგორც ადამიანური ურთიერთობები, მათი დახმარებით ჩამომიყალიბდა ხედვა, გემოვნება ჭედურობაში. მუშაობაში ჩემი ფანტაზიაც ძალიან დამეხმარა. საქართველოდან 14 წლის წინ წავედი, მაშინ ჩვენთან ძალიან რთული სიტუაცია იყო, საერთოდ ვეღარ ვმუშაობდი, არც პერსპექტივა ჩანდა. ასე, ბედის საძიებლად წავედი ევროპაში. (იცინის) ახლა ვხვდები, მაშინ ეს სწორი გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, ჩემი ცხოვრება უარესობისკენ წავიდოდა.
– როგორ მოახერხეთ ჰოლანდიაში თავის დამკვიდრება და რით დააინტერესეთ ნიდერლანდების სამეფო კარი, რომ მათ მათი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნების საჭურველი განდეს?
– თავიდან ძალიან გამიჭირდა თავის დამკვიდრება, მაგრამ კეთილი ადამიანების დახმარებით ყველა პრობლემას გავართვი თავი. 1996 წელს აუდენბოსის მუზეუმში გაიმართა გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა ტექსელის აჯანყებას. მე მუზეუმში გამოვფინე ხევსურული აბჯარი, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა. „გუდამაყრული ჩაბალახი“ 56 ათასი პატარა რგოლისგან შედგებოდა, მასზე ორი თვე ვმუშაობდი და 9 კილოგრამი ფოლადი გამოვიყენე. ამ ნაკეთობამ გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა დამთვალიერებელზე, გამოხმაურება იყო ადგილობრივ პრესაშიც. ამის შემდეგ მე დამაკვალიანა მუზეუმის დირექტორმა ბენო ვან ტილბურგმა, მე გავგზავნე წერილი ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მუზეუმში, რომელიც ქალაქ დელფტში მდებარეობს. ეს მუზეუმი თავისი სიდიდით და მნიშვნელობით ამ ქვეყნის ხუთ მუზეუმს შორისაა. წერილში გამოვხატე თანამშრომლობის სურვილი, თუმცა დიდი იმედი არ მქონდა, რომ მუზეუმიდან ვინმე გამომეხმაურებოდა. ერთ თვეში მივიღე პასუხი, რომელიც სამეფო კარის ატრიბუტიკით და პრინცის სახელით იყო დამოწმებული. მათ მიმიწვიეს ღია კარის დღეზე, სადაც შეძლებდნენ ჩემი ნაკეთობების ნახვას. მუზეუმის პერსონალს ძალიან მოეწონა „ხევსურული აბჯარი“, მუზეუმის მესაჭურვლემ, რომელსაც კონსერვატორი ეწოდება, მითხრა, რომ მომიძებნიდა სამუშაოს და შემომთავაზა მცირე ზომის მინიატურების დამზადება. მე გავაკეთე ევროპელი რაინდების მინიატურები, რომლებიც მეორე ჩვენებაზე წარვადგინე. ამ ჩვენებას ესწრებოდა ქვეყნის მთავარი კონსერვატორი, რომელმაც ორ კვირაში შემომთავაზა, რომ მუშაობა დამეწყო მათთვის უმნიშვნელოვანეს სამეფო რელიკვიაზე. ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის ხანგრძლივი ომის დროს, ჰოლანდიას ძალიან დიდი სამსახური გაუწია პრინცმა მაურიო ორანელმა, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პიროვნება, რომელმაც შეძლო ესპანელების განდევნა ჰოლანდიიდან. მე შემომთავაზეს ამ პრინცის აბჯრის ზუსტი ასლის შექმნა. ამ ლეგენდარული მხედართმთავრის საჭურვლის ორიგინალი ავსტრიელი იმპერატორის ყოფილ სასახლეში, ვენის ხელოვნების მუზეუმში ინახება, პრინცმა საკუთარი აბჯარი თურმე სიცოცხლეშივე უსახსოვრა ავსტრიის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსს. ჰოლანდიელების ოცნება იყო, რომ პრინცის აღჭურვილობის ასლი მათ ქვეყანაშიც ყოფილიყო დაცული. ჩემთვის ეს შემოთავაზება, იყო ძალიან დიდი რისკი, თუმცა ამაზე უარს ვერ ვიტყოდი.
– როგორ მუშაობდით პრინცის აბჯრის ასლზე, მუზეუმებში ხომ ისტორიული რელიკვიები განსაკუთრებულ პირობებში ინახება, მათთან ხელის ხლებაც კი კატეგორიულად იკრძალება, არათუ გატანა მუზეუმიდან. ამას გარდა ოთხსაუკუნოვანი, უცხო ქვეყნის ისტორიის კუთვნილების გამოჭედვა ტექნოლოგიურადაც რთული უნდა ყოფილიყო.
– ვერ ვიტყვი, რომ რთული არ იყო ეს საქმე. მე გამომიგზავნეს ოცგვერდიანი კონტრაქტი, მომცეს ოთხასი საათი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, 1 600 საათი საჭურვლის შესაქმნელად. კონტრაქტით მთავარი მოთხოვნა იყო, გამეკეთებინა ორიგინალის ზუსტი ასლი ასპროცენტიანი ხარისხით. თავიდან გადაწყვეტილი იყო, ჩვენ ჩავსულიყავით ავსტრიაში, მაგრამ მე რომ ავსტრიელების ყურადღების ცენტრში არ მოვქცეულიყავი, ვითომდა გამოფენაში მონაწილეობის მიზნით, ნიდერლანდებმა ავსტრიელებისგან გამოითხოვეს პრინცის აღჭურვილობა. ეს იყო ჯენტლმენური მოლაპარაკება, თავდაცვის სამინისტროების და მაღალი თანამდებობის პირების ჩარევის გარეშე. ჰოლანდიელების ამ ოსტატურმა ხრიკმა გაამართლა – მე მომეცა საშუალება დამეშალა ერთადერთი ორიგინალი. ჯერ შევისწავლე მუზარადი, შემდეგ ყელის, მკერდის და ზურგის აბჯრები, შემდეგ – მხრები, მკლავები, ფეხები, ხელთათმანები… ვიმუშავე 10 დღე, გადავიღე სურათები, მთელი აღჭურვილობა შევისწავლე ვიდეოკამერით. სამუშაო იყო ძალიან დიდი, აბჯარი შედგება 169 სხვადასხვა ზომის და სისქის ლითონის ფირფიტისგან, რომლებიც ერთმანეთზეა მორგებული და ერთმანეთს 600 დეტალით უკავშირდება. ყველა ნაწილს დაჰყვება გრავირებული ღარი, მუზარადის კაუჭები, მოქლონები. ორიგინალი შავი ფერის იყო, ასლი კი, ლურჯი ფერის გავაკეთე.
– რატომ?
– ორიგინალი რამდენჯერმეა რესტავრირებული, სავარაუდოდ, აბჯარი თავიდანვე არ იყო შავი, ამას გარდა, თავად მთხოვეს, რომ ასლი ლურჯი ფერის ყოფილიყო. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ მოხდა ასლის პრეზენტაცია, რომელიც ახლა მუზეუმის ოთხმოცწლიანი ომის საგამოფენო დარბაზში ინახება. სხვათა შორის, მე ჩემთვისაც გავაკეთე, პრინცის აღჭურვილობის ასლი, რომელიც სახლში მაქვს და იმაზე უკეთესიც კი გამოვიდა, რაც მუზეუმში ინახება. ჩემს ასლს ზურგიც გავუკეთე და „ნაკლული თითიც“, რაც არც ორიგინალს ჰქონდა და არც მუზეუმისთვის განკუთვნილ ასლს. (იცინის) მე ასევე გავაკეთე პრინც მაურიცის აბჯრის ასლი, რომელიც მას 12 წლის ასაკში ეცვა. პრინცი დახატა იმ ეპოქის ყველაზე ცნობილმა მხატვარმა, ეს ნახატი დედოფალ ბეატრისის პირად კოლექციაში ინახება. მე, როგორც ვიცი, დედოფალსა და პრინცს აქვთ ინფორმაცია ჩემი საქმიანობის შესახებ. მე ვინახულე ეს ნახატი, აბჯარი გავაკეთე ჩემი შვილის ტანზე, რომელიც მაშინ თორმეტი წლის იყო.
– თქვენს ანგარიშზე არის „არბალეტი,“ რომელიც სამიზნეში ისვრის 250 მეტრის მანძილზე, კიდევ რაზე მუშაობთ?
– ძალიან ბევრი ქანდაკება მაქვს გაკეთებული ვერცხლში, ვაკეთებ საეკლესიო ნივთებს. ნაკეთობები იქმნება ცივი და ცხელი ჭედვით, ვმუშაობ გრდემლზე, ჩაქუჩებით. ვიყენებ ფურცვლოვან ფოლადს, რომლისგანაც იქმნება ნაკეთობები, ხოლო ბოლოს ხდება მათი პოლირება. ერთ ფრანგს ჩემი აბჯარი ფაბრიკაში გაკეთებული ეგონა (იცინის). ბოლო ორი წელი მთლიანად რესტავრაციაზე გადავერთე. როდესაც შეკვეთას ვიღებ, ვადგენ კონცეფციას, რომ ნივთი მაქსიმალურად მივიყვანო ორიგინალურ მდგომარეობამდე. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ არ დაზიანდეს ორიგინალი და ასლი არ გამოვიდეს იმაზე კარგი, რაც დედანია. მე ახლა მაქვს ჩემი სახელოსნო, თუმცა ადრე ვმუშაობდი სამჭედლოში, სადაც პატარა ადგილი მქონდა დაქირავებული. როცა იქ პრინცის აბჯრის ასლის გამოჭედვა დავიწყე, სახელოსნომ მუშაობა შეწყვიტა – მთელი ყურადღება ჩემზე იყო გადმოტანილი, მერე მთხოვა უფროსმა: თუ არ გინდა რომ გავკოტრდე, აქვე ახლოს, სადმე უნდა გადახვიდეო და თან 20 ათასი გულდენის ჩეკი მაჩუქა. (იცინის) იმ ფულით გავაკეთე ახალი სახელოსნო. ჰეკ ვისერმა, რომელიც კოლექციონერი იყო, გამომიგზავნა ისტორიული გრდემლი. კოლექციის შეგროვება ჩემი ჰობიც არის. მაქვს დამასკოს დანების დიდი კოლექცია, ჩემს კოლექციაში ყველაზე ძვირფასია თბილისური, ძალიან ძველი ქართული ხანჯალი, რომელიც შემთხვევით ჩამივარდა ხელში.
– თქვენ მუშაობთ ეროვნული მუზეუმის ექსპონატების, მათ შორის, ერეკლე მეფის ხმლის რესტავრაციაზე. რომელ ნივთებს ჩაუტარდათ რესტავრაცია და რა მდგომარეობაშია ახლა ერეკლეს ხმალი?
– როგორც ქართველისთვის ჩემთვის ეს ძალიან საპატიო მისია იყო. ამ ხმლით ერეკლე მეფეს ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს მოგებული, მასთან შეხებამ გამიჩინა განცდა, რომ რაღაც ფორმით, დავბრუნდი წარსულში, ამ სახელოვან მეფესთან… ხმლის პირზე არის ოსტატის ოქროს დამღა, მაგიური კვადრატი და დიდი წარწერა. დამღას ასეთი წარწერა აქვს: „შეასრულა კალიბ ალიმ, ასუდოლა ისპაჰანის შვილმა“. ირანულ კლასიკურ ხმლებში, ეს უიშვიათესი დამღაა, რაც ძალიან ძვირად ფასობს, კლასიკური „შამშირია“, რაც ნიშნავს „ვეფხვის კლანჭს“. ეს ხმალი ერეკლეს ნადირ შაჰმა გამოუგზავნა საჩუქრად. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ხმალში ერეკლეს ნახევარ ირანს სთავაზობდნენ. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხმალზე გაკეთებული დიდი წარწერის ბოლომდე გაშიფვრა, თუმცა მიახლოებით, წარწერა იკითხება ასე: „დიდი მეფის გზავნილი მეგობრისადმი“.
ამ ხმალს ბავშვობიდან ვიცნობ, ბევრჯერ მაქვს ნანახი. სულ მინდოდა, რომ მისი მსგავსი რამ გამომეჭედა, ამიტომაც საათობით ვიდექი ხოლმე ამ ხმალთან. როცა ეროვნულ მუზეუმში ყოფნის დროს მამუკა ქაფიანიძემ ხმლის რესტავრაცია და ასლის შესრულება შემომთავაზა, ერთი წუთით არ მიყოყმანია. ხმლის პირი და ტარი ჟანგვის პროცესში არ იყო, მაგრამ ჭუჭყი და კოროზია აღენიშნებოდა. ისე გავწმინდე და დავამუშავე, რომ კოროზია აღარ გაუჩნდეს, ანუ ის უკვე დაკონსერვებულია. დაზიანებული იყო ხმლის ქარქაში, ტყავი – გამომშრალი და გაქერცლილი. ქარქაში ადრე ყოფილა რესტავრირებული, მაგრამ არასწორად – ტყავი ისე იყო ჩაკერებული, რომ ხმალი ქარქაშში არ ჩადიოდა. ჩვენ მოვხსენით ბუნიკი, რომელიც თავიდან დამუშავდა. მოვაშორეთ ხის ის ნაწილი, რომელიც ხმლის პირს არ აძლევდა საშუალებას, ხმალი ქარქაშში ბოლომდე ჩასულიყო. ახლა ერეკლეს ხმალი თავისუფლად ჩადის ქარქაშში და საფრთხე აღარ ემუქრება. რაც შეეხება ხმლის ასლს, მილიმეტრებშია დაცული ხმლის პირისა და ნაწილების ზომები, ახლა ვაკეთებ დეტალების გრავირებას – შემდეგი ეტაპია ზარნიში ოქროთი, რისთვისაც 35 გრამი ბაჯაღლოა საჭირო.
ჩვენ ასევე ჩავუტარეთ ბაგრატიონების სამეფო ოჯახის გორდა ხმლების, მოოქროვილი დამბაჩის, მეცამეტე საუკუნის ზარდახშის რესტავრაცია. ეს არის უნიკალური დამბაჩა, ლულა სულ დაჟანგებული ჰქონდა, არ მუშაობდა ჩახმახი.. დამბაჩა დაიშალა მთლიანად, ლულა ხელახლა დაიფერა ლურჯად, ჩახმახიც რესტავრირებულია, რის შედეგადაც დამბაჩა ისევე ფუნქციონირებს, როგორც ორიგინალი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ გიორგი სააკაძის თოფზე, რომელიც ინკუსტრირებულია მოზაიკით. მათი 60 პროცენტი ამოვარდნილია, ამ თოფის რესტავრაციისთვის საჭიროა მისი სპექტრული ანალიზის ჩატარება და ფერადი ლითონებით მოზაიკის გაკეთება. რესტავრაციის შედეგად თოფს პირვანდელი სახე დაუბრუნდება.
– საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებთ?
– ჯერჯერობით არ ვიცი, საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, როდის დავბრუნდები აქ. მე მიყვარს საქართველო, მაგრამ მიყვარს ჰოლანდიაც – ამ ქვეყანამ, ყველაზე რთულ პერიოდში, ახალი ცხოვრების დაწყების შანსი მომცა..