გვარის ისტორია

ქართული გვარების წარმომავლობა სათავეს ადრეულ საუკუნეებში იღებს, რომლის შესახებ გამოთქმულია არაერთი საინტერესო მოსაზრება და ვარაუდი.ამ საკითხზე მეცნიერთა შორის მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები არსებობს, რომელთა განხილვა ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ წინამდებარე ნაშრომის თემატიკიდან გამომდინარე და მცირე წინასიტყვაობის მიზნით, მას მხოლოდ მოკლედ შევეხებით.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საქართველოში გვარი ადრინდელი ფეოდალიზმის ეპოქაში გაჩენილა და VI-VIII საუკუნეებში იგი უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებულა [ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები, გვ.1986, გვ. 48]. ცდილობენ აგრეთვე ამ პროცესის დოკუმენტურად დადასტურებას VIII-IX საუკუნიდან [რ. თოფჩიშვილი, როდის წარმოიქმნა ქართული გვარსახელები, თბილისი 1997, გვ. 100; და სხვ.]. სპეციალურ ლიტერატურაში მიღებულია შეხედულებაც, რომ ქართული გვარები სათავეს იღებენ დაახლოებით XIV-XV საუკუნეში ე. ი. უკვე განვითარებულ კლასობრივ საზოგადოებაში. მეცნიერთა ვარაუდით, გვარები იგივე მეორეული სახელებია, რომელთა შექმნა განაპირობა სოციალურმა პროგრესმა. დროთა განმავლობაში საკმარისი არ აღმოჩნდა ადამიანების მხოლოდ სახელებით მოხსენიება და აუცილებელი გახდა უფრო დაეზუსტებინათ თუ რომელი გვარეულობის ან რომელი ოჯახის წარმომადგენელია [ი. მაისურაძე, ქართული გვარსახელები, თბ., 1981, გვ. 34]. თითქმის ამ პერიოდამდე ისტორიაში ცნობილი ადამიანები საისტორიო წყაროებში ძირითადად სახელებით, წოდებით, საქმიანობითა თუ სადაურობით არიან მოხსენიებულნი. მაგალითად, იაკობ ხუცესი, ბაკურიანელი, ვახტანგ გორგასალი, ექვთიმე ათონელი, გიორგი მერჩულე, დავით ათონელი და მრავალი სხვა [ზ. ჭუმბურიძე, რა გქვია შენ? თბილისი 2003, გვ. 68, 71]. ტერმინი „გვარი“ გვარსახელის დღევანდელი გაგებით უკვე გვხვდება XII ს. ერთ საბუთში, რომლითაც „მღვიმის კრებული“ მიმართავს იოვანე, ნიკოლოზ და ნინია ტოხაისძეებს, თქვენი გვარის („თქუენისა გუარისა“) კაცი ტოხაისძე კვირიკე კახთა მეფის მომღები ყოფილაო [პ. ცხადაია, მთიანი სამეგრელოს ტოპონიმია, თბ., 1985, გვ. 9]. მაგრამ, ქართული მეცნიერების პატრიარქის, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილის აზრით, VI საუკუნის კოლხი დიდებული ფარტაძი იყო ბერძნული გამოთქმის საფუძველზე გადაკეთებული ქართული გვარი ფარტაძე [ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თბ., 1960, გვ. 257; იხ. გ. ხორნაული, ქართული გვარის როდინდელობა, თბ., 2011].

როგორც ცნობილია, გვხვდება ანთროპონიმებისგან, მეტსახელებისგან, ეთნონიმებისგან, თანამდებობა-მოსაქმეობის ტერმინებისა და სხვა სახელებისაგან მიღებული გვარები. ხშირია ნაზმნარი სახელების გვარსახელებში გამოყენებაც. უმრავლეს შემთხვევაში რაიმე სიტყვა ჯერ ადამიანის სახელად ან მეტსახელად იქცევა და შემდეგ დასაბამს უდებს გვარს. [ვ. მაღრაძე, ქართველური ტოპონიმებისა და გვარების წარმოება და ურთიერთმიმართება, თბ., 2006, გვ. 119-121]. ქართული გვარების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი, ისევე როგორც სხვა ხალხთა გვარების უდიდესი ნაწილი, წარმოქმნილია წინაპართა სახელების ან მეტსახელებისაგან (ეპონიმებისაგან) [ზ. ჭუმბურიძე, დას. ნაშრ. გვ. 76 და სხვ.]. გვარი ლაღიძის ეტიმოლოგია/წარმომავლობა სწორედ ასეთ გვართა კატეგორიას განეკუთვნება, კერძოდ კი იგი ე. წ. დახასიათების შემცველი გვარების რიცხვში შედის. ზოგიერთ გვარს საფუძვლად უდევს სიტყვა, რომელიც ადამიანს ახასიათებს რაიმე ნიშნის მიხედვით, როგორიცაა გარეგნობა, ასაკი, ქონებრივი მდგომარეობა და ა. შ. მაგალითად, ადამიანის ხასიათს, თვისებას გამოხატავენ გვარები: ამყოლაძე, კეთილაძე, კელენჯერიძე (კელენჯერი, კელენჯუხი რაჭულ დიალექტში ნიშნავს „ჯიუტს“), ლოჩოშვილი (ლოჩო – „მშვიდი“, „წყნარი“)… [ზ. ჭუმბურიძე, იქვე, გვ. 82- 84]. “ქართველ ტომებში ძველთაგანვე გავრცელებული იყო ადამიანებისთვის მეტსახელის შერქმევა, რაც დღესაც არ მისცემია დავიწყებას. – აღნიშნავდა ქართველური სახელების ცნობილი მკვლევარი ალ. ღლონტი – მეტსახელის შერქმევისას, უწინარეს ყოვლისა, მიზანში იღებდნენ ადამიანის პირად თვისებებს, მისწრაფებებს, მოსაქმეობას, ფიზიკურ გარეგნობას. ამიტომ აქ გონებამახვილობასა და შემოქმედებას უსაზღვრო ასპარეზი ჰქონდა… მეტსახელი, ანუ თიკუნი, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია ცნობილი. ზოგჯერ ადამიანს მეტსახელით უფრო იცნობენ, ვიდრე ნამდვილი სახელით“ [ალ. ღლონტი, ქართველური სახელები, თბ., 1986, გვ. 39]. აქედან გამომდინარე, ლაღი/ლაღია/ლაღა მეტსახელი უნდა შეერქმიათ პიროვნებისთვის რომელსაც ახასიათებდა სილაღე, ანუ, ბუნებით ლაღი ადამიანი იყო. ხოლო, ამ მეტსახელზე სუფიქსი ‘ძე’-ს დართვით მივიღეთ ქართული გვარი – ლაღიძე.

1
1. ალ. ღლონტი, ქართველური საკუთარი სახელები,
თბ., 1986, გვ. 152

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ “შერქმეული გვარი არსებითად გვარის ფორმით წარმოდგენილი მეტსახელია, უმეტესად ძე-ზე და შვილ-ზე დაბოლოებული” [ი. მაისურაძე, ქართული გვარსახელები, თბ., 1979, გვ. 51], ე.ი. ამ ჯგუფში შეყვანილ გვარსახელებს ჩვეულებრივ აკუთვნებენ იმ გვარსახელებს, რომლებსაც თიკუნები უდევთ საფუძვლად.

მეტსახელიც ხომ სახელია. ეს გვარსახელებიც ხომ წინაპრის სახელებიდან მომდინარეობენ და ამდენად არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ეს სახელი იქნება თუ მეტსახელი. პირდაპირ გვარის შერქმევა როგორც მეტსახელისა, საერთოდ არ ხდებოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც “შერქმეულ გვარებს” უწოდებენ გვარის დანაყოფის სახელებს [ს. მელიქიძე, “ონომასტიკა _ I”, თბ., 1987, გვ. 297; შდრ. რ. თოფჩიშვილი, ეთნოისტორიული ეტიუდები, თბ. 2005. წიგნი I]. ქართული გვარსახელების აგრეთვე ცნობილი მკვლევარი იაკობ ახუშვილი კი ასე წერს:

22. ახუაშვილი, ქართული გვარ–სახელები, თბ., 2005, ტ. 2, გვ. 479

სიტყვა ლაღი-ს სემანტიკას (მნიშვნელობა) განსაკუთრებული განმარტება არ სჭირდება, მას პიროვნების დადებითი ხასიათის წარმოსაჩენად, მოქმედების დასახასიათებლად (ლაღობს, ლაღობდეს) და ა. შ., ხშირად იყენებს ჯერ კიდევ შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანში. მაგალითად:

მეფემან უხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,
ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,
მეფე ლაღი და წყლიანი გამხიარულდა მეტადრე,
იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,
ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან რცხვენოდა,
თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-!
სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

აქვე მოგვყავს ორი ამონარი ამ უკვდავი პოემიდან, რომელთაგან ერთი ავთანდილს ახასიათებს, მეორე – მოქმედებას/ქცევას, რომელიც ვახტანგ მეექვსის სტამბაშია დაბეჭდილი და ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის ეგზემპლარია.

3
3. ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი

4
4. ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი

იმის მიუხედავად, რომ ამ სიტყვის ‘ლაღი’ წარმომავლობისა და სემანტიკის გარკვევა რთული არ არის, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს მისი ძველი განმარტება, რომელსაც გვაწვდის დიდი ქართველი ლექსიკოგრაფი და მწერალი სულხან საბა ორბელიანი [დოკ. 5].

5
5. საბა-სულხან ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, თბ., 1884, გვ. 158

სიტყვების ლაღი და ლაღა განმარტება გარკვევით აქვს გადმოცემული გასული საუკუნის დიდ ენათმეცნიერს, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას [დოკ. 6].

6
6. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (რედ. არნ. ჩიქობავა), თბ., 1986, გვ. 275

ლაღი: გარდამეტებით კადნიერი (რამაელ. 1, 30; ვეფხისტ. 395), თამამი, გამბედავი -ანუ ნებიერი (ვეფხისტ. 65, 97, 122, 422), გარეული, ქსუ (მუნვე, 581). სიტყვა „ლაღი“-საგან წარმოებულია შემდეგი სიტყვები: ალაღება, მლაღობელი, სალაღობელი, სილაღე ლაღობა.

ენის მოდელირების ასოციაციის განმარტებითი ლექსიკონიდან:

ლაღ-ი (ლაღისა) 1. თავისუფალი, თამამი; ამაყი. ლაღი შვილები მთებისა ერთმანეთს ეძრახებიან (ვაჟა). შენ ნუკრი ხარ, ლაღი ნუკრი (ი. გრიშ.). აბა, შეხედეთ, რა კარგი არის თავისუფალი, ლაღი ცხოვრება (ბაჩ.). მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი შვებული (რუსთაველი). 2. ასეთ ვისიმე (ან რისამე) დამახასიათებელი, შესაფერი. [თაფლოს] მთიულურმა ლაღმა ბუნებამ იუკადრისა მზრუნველები (შ. დად.). მტერს დაუბრმავა ხარბი თვალები ჩვენი სამშობლოს ლაღმა ბუნებამ (ა. აბაშ.), 2. თავისუფლად გაზრდილი (მცენარე…). ლაღი ყლორტის ნელ სიოზე ოდნავი რხევა (ვ. ბარნ.). ლაღად ზმნს. როგორც ლაღს შეეფერება, – თამამად, თავისუფლად; ამაყად. ვცდილობ, რომ ლაღად ვიმღერო სიტყვა გავლესო ცხელია (ვაჟა). ბარად რომ ვიყო ლაღადა, სული მთისკენვე იხარის (რ. ერისთ.). მშობლების სახლში ლაღად და ნებივრად აღზრდილს [იასონს] არაფრად ეპიტნავებოდა სასწავლებლის გადაჭარბებული დისციპლინა (ე. ნინოშ.). ქორს თავის დღეში ტყვეობა და მონობა არ ეცადნა, ლაღად ნავარდობდა მთაში და ბარში (თ.რაზიკ.). 4. კუთხ. (მთიულ.) იგივეა, რაც უსხი.

ლაღია (ლაღიისა) კუთხ. (ლეჩხ.) ავარა (მ. ალავ.).

ლაღი-ზნიან-ი (ლაღი-ზნიანისა) ლაღი ზნისა, ლაღი ბუნებისა. გალაღებულან ფრინველნი, ისედაც ლაღი-ზნიანნი (ვაჟა).

ლაღა ლაღა (ლაღასი) კუთხ. (იმერ. ლეჩხ. გურ.) ჯოხი, რომელსაც ხორბლეულის წყვის დროს საწყაოს თავზე გადაუსვამენ. || კარგად გათლილი ჯოხი, რომლითაც ასწორებენ საკრამიტე ან სააგურე მიწას კალაპოტში (ბ. წერეთ.).
ლღა გადასმული ლაღაგადასმულ-ი (ლაღაგადასმულისა) კუთხ. (იმერ. გურ. ლეჩხ.) ლაღით (იხ. ლაღა) თავმოსწორებული, პირმოსწორებული, – პირამდე სავსე (საწყაო). ლაღაგადასმული ბათმანი. || გადატ. სიმაღლით ვისიმე ტოლი.
ლაღა მოსმული ლაღამოსმულ-ი (ლაღამოსმულისა) კუთხ. (იმერ. გურ. რაჭ. ლეჩხ.) იგივეა, რაც ლაღაგა დასმული.
ლაღანაკი ლაღანაკ-ი (ლაღანაკისა), ლაღარიკ-ი (ლაღარიკისა) ძვ. ცალსასწორი, ბეზმენი (დ. ჩუბინ.).
ლაღანდარი ლაღანდარ-ი (ლაღანდარისა) კუთხ. (გურ.) უსაქმოდ დროს ტარება და ხეტიალი (გ. შარაშ.). შდრ. ლაღონდარა.
ლარარიკონი ლაღარიკონ-ი იხ. ლოღარიკონი.

აღსანიშნავია, რომ ლექსიკოგრაფი ბიძინა ფოჩხუა ჩვენთვის საინტერესო სიტყვას ისეთ სემანტიკურ ჯგუფში განიხილავს, რომელიც ადამიანის თვისებას გადმოსცემენ [დოკ. 7].

7
7. ბ. ფოჩხუა, ქართული ენის ლექსიკოლოგია, თბ., 1974 გვ. 137

სპეციალურ ლიტერატურაში კიდევ არსებობს საყურადღებო ინფორმაცია ამ გვარსახელის შესახებ. იმერული გვარების მკვლევარი დავით შავიანიძე ლაღიძეების შესახებ გვაწვდის შემდეგ ცნობებს [დოკ. 8-10].

8
8. დ. შავიანიძე, ქართული გვარსახელები (ბაღდათის ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით),
2007 წ., გვ. 81-82

9
9. იქვე, გვ. 42-43

10
10. იქვე, გვ. 105

შეიძლება აქვე ითქვას, რომ ბატონი დავითი არ ცდება, როდესაც ლაღიძეების გვარს მეტსახელისგან წარმომდგარ გვარად მიიჩნევს და მათი ძირითადი განსახლების ადგილად ბაღდათის რაიონის სოფ. ობჩას ასახელებს. მაგრამ, საისტორიო წყაროები ამ გვარს თითქმის ერთი საუკუნით ადრე იხსენიებენ, მის მიერ მოყვანილ 1616 წელთან შედარებით. კერძოდ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ჩვენს მიერ მოკვლეული დოკუმენტები არა მხოლოდ ლაღიძეთა გვარის უფრო ადრეულ მოხსენიაზე მიუთითებენ, არამედ, მათი შინაარსიდან და მასში მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, ამ საგვარეულოს ე. წ. ბუდე–სოფელი, ანუ, პირველსაცხოვრისი ადგილი, მათი მიგრაციისა თუ სხვა საინტერესო საკითხი ირკვევა.

ვიდრე აღნიშნულ დოკუმენეტებს განვიხილავთ, ყურადღება უნდა შევაჩეროთ იმ ფაქტზე, რომ როგორც ძველ საისტორიო მასალებში, ასევე დღესაც არსებობს გვარი ლაღაძე.

1840 წლის სააღსარებო დავთარში აღნიშნულია გვარი ლაღაძე და იქვე მითითებულია ფრჩხილებში (ლაღიძე)[დოკ. 32]. ეს მიანიშნებს გვარის ტრანსფორმაციას „ლაღიძე“ – შემდგომში „ლაღაძე“ ან პირიქით. ვფიქრობთ რომ ამ გვარის ტრანსფორმაცია უკვე XVI საუკუნეში იყო მომხდარი. ამ დოკუმენტით სახეზეა ამ ორი გვარის ნათესაური კავშირი – ერთი ძირი და ამიტომ ნაშრომში აგრეთვე შეტანილია საარქივო მასალები ლაღაძეებზე.
წყალტუბოს რაიონის სოფლებში ფარცხანაყანევსა და ოფშკვითში XVI საუკუნეში მცხოვრები ლაღაძეები სამეფო გლეხები არიან. (ცსსა 1448–3324, ხი H–626 და სხვა)[დოკ. 15].
1782 წლის მეფე სოლომონის გუჯარში მოიხსენიება ძევრში მცხოვრები სამეფო გლეხები ბინივოკა ლაღაძე და მამუკელა ლაღაძე“ [დოკ. 11].

11
11. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. III, თბ., 1967, გვ. 377–378

დროთა განმავლობაში ასოთა ასეთი ცვალებადობა ან დაკარგვა გვარებში კარგადაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში, – აღნიშნავდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია [ს. ჯანაშია, შრომები, III, 1959, გვ. 40–45]. ეს გარემოება საფუძვლიანად შეისწავლა აკადემიკოსმა ვარლამ თოფურიამ, რომლის შესახებ იგი წერდა: „ერთიდაიგივე ბგერა ერთ შემთხვევაში შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ მეორე შემთხვევაში ჩაერთოს“. ავტორს ნაშრომში მრავალი ასეთი სახის მაგალითი მოჰყავს [ვ. თოფურია, ქართლური, თბ., 1925, გვ. 135–138]. როგორც ჩანს, მხოლოდ ‘ი’ ასოს ნაცვლად ‘ა’ ასოს ჩართვა უნდა მომხდარიყო ჩვენთვის საინტერესი გვარის ფორმირების პროცესში და ლაღიძე/ლაღაძე ფორმის რეალური ბგერითი შინაარსი არ შეცვლილა, რადგან ორივე მათგანს უდავოდ ერთი და იგივე შინაარსი გააჩნია. ტექსტი ამ შემთხვევაში, ბოლოსდაბოლოს, მხოლოდ უბრალო ტრანსლიტერაციას შეიძლება წარმოადგენდეს, რაც აგრეთვე საკმაოდ ხშირი მოვლენაა გვარების ფორმირების პროცესში.* თუ სად შეითვისა ამ გვარმა მეორე ასეთი ფორმა, ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, მაგრამ ქვემოთ მოყანილი დოკუმენტები გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. მაგალითად, XIX ს. სოფ. ძევრის სააღმსარებლო წიგნში გვარები ლაღიძე და ლაღაძე გაიგივებულია [დოკ. 32].

ყველაზე ადრინდელი და შესაბამისად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც ფორმირებული სახითაა მოხსენიებული ჩვენი საკვლევი გვარი, თარიღდება 1525-1550 წლებს შორის პერიოდით და რაც მთავარია, მასში დასახელებულია ლაღიძეთა სამკვიდრო სოფელი ჩუნეში [დოკ. 12].

12
12. ქართული სამართლის ძეგლები (ი. დოლიძე), ტ. II, თბ., 1965, გვ. 179

ქრონოლოგიურად მომდევნო დოკუმენტი ლაღიძეთა შესახებ განეკუთვნება 1569 წელს, სადაც იგი ლაღიბერიძის ფორმით ფიგურირებს. აქვე უნდა ითქვას, რომ არც სხვა საისტორიო წყარობში და არც დღეისათვის ამ გვარს აღარ ვხვდებით ასეთი სახით. ეს დოკუმეტი გამოაქვეყნა პროფ. სარგის კაკაბაძემ [დოკ. 13], რომლის მნიშვნელობის გამო, იქვე მოგვაყავს მისი საარქივო დედნის ამონარიდიც [დოკ. 14].

როგორც ჩანს, ლაღიძეთა ერთ შტოს სიტყა ‘ბერი’ ზოგადი მნიშვნელობით დაერთო. ასეთი შემთხვევების დასაბუთება გააჩნია პროფ. ილია მაისურაძეს, რომელმაც ცალკე გამოკვლევა მიუძღვნა ამ საკითხს. იგი მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ბერ-ის ზოგადი მნიშვნელობა დაედო საფუძვლად მამაკაცის საკუთარ სახელთა შექმნას წარსულში, როგორც წარმოქმნილ ფორმებს, ისე კომპოზიტებსაც, მაგრამ ფაქტობრივ მონაცემებზე დაკვირცება გვიჩვენებს, რომ რთულ ფუძიან გვარებში ბერ ძირის გამოყენება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ის საკუთარ სახელად გადაიქცეოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გოგიბერი, კახაბერი, მიქაბერი და მისთ. საკუთარ სახელთა წყვილეულებს კი არ უნდა წარმოადგენდნენ (მიქა და ბერი, კახა და ბერი, გოგი და ბერი…), არამედ აქ მხოლოდ პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო მამაკაცის სახელი (მიქა, კახა, გოგი), ხოლო ბერ-ი ზოგადი მნოშვნელობით უნდა ყოფილიყო მათზე დართული, როგორც მსაზღვრელი, როგორც მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვა (ვაჟი, ძე, ბიჭი, ყმა)“ [ი. მაისურაძე, ბერ ძირი ქართულ სახელ-გვარებში, წიგნში: ქართული გვარსახელები, თბ., 1979, გვ. 84].

13
13. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, ტფილისი 1921, გვ. 19

14
14. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1448, საქმე 3327

ამრიგად, ზემომოყვანილი დოკუმენტებიდან მტკიცდება, რომ გვარი ლაღიძე სულ მცირე XVI საუკუნეში უკვე წარმოქმნილია და ისინი მკვიდრობენ სოფ. ჩუნეში, ვინაიდან ამ ორივე დოკუმენტში მათ საცხოვრებლად სწორედ ეს სოფელია დასახელებული.**

ამავე საუკუნის დოკუმენტებში უკვე დაფიქსირებულია გვარი ლაღაძე, მაგრამ ამჯერად სოფ. ფარცმანაყანევში (სოფელი ამ სახელით მოიხსენიებოდა XIII საუკუნიდან), ანუ, დღევანდელ ფარცხანაყანებში (წყალტუბოს რაიონი), უფრო მოგვიანებით ამავე სოფელში ვხვდებით იგივე გვარს 1578 წელს – ლაღაძე გიორგი [დოკ. 15].

15
15. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, თბ., 1993, გვ. 556-558

როგორც ‘პირთა ანოტირებული ლექსიკონში’ მოყვანილი დოკუმენეტებიდანაც ჩანს [დოკ. 15], შემდეგი პერიოდის წყაროები, რომლებშიც მოიხსენიება ლაღიძე/ლაღაძე განეკუთვნება XVII საუკენეს, ამიტომ ლაღიძეთა გვარის პირველსაცხოვრისის დადგენა მხოლოდ წინა საუკუნის მასალებზე დაყრდნობით ხდება შესაძლებელი. ამის მიუხედავად, ლაღიძეთა გვარის შემდგომი ისტორიის წარმოსაჩენად, მომდევნო პერიოდის მრავალი საინტერესო დოკუმენტი გვხვდება. თავის დროზე ეს დოკუმენტები გამოაქვეყნეს ისეთმა ცნობილმა მეცნიერებმა როგორებიც იყვნენ აკადემიკოსები ექვთიმე თაყაიშვილი და ისიდორე დოლიძე, აგრეთვე პროფესორი სარგის კაკაბაძე.

ერთ-ერთი ასეთი ქრონოლოგიურად პირველი და საინტერესო დოკუმენტია 1616-1621 წწ. დათარიღებული „კათალიკოს მალაქიას მოლაშქრე კაცთა ნუსხა“ [გამოქვეყნდა ორჯერ – დოკ. 16, 17], საიდანაც ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში ლაღიძეები აზნაურის ტიტულს ფლობდნენ, ხოლო მათი წარმომადგენლები ბეჟან, იოთამ და გოჩია მებრძოლი პიროვნებები ყოფილან. ამასთანავე საყურადღებოა, რომ ისინი ქუთაისის მკვიდრნი ყოფილან.

16
16. ქართული სამართლის ძეგლები (ი. დოლიძე), ტ. III, თბ., 1970, გვ. 480-481

17
17. ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი, ტფილისი 1914, გვ. 45

1621 წლის საბუთშიც ვხვდებით აგრეთვე ალბათ აზნაურ ლაღიძეს, ვინაიდან მას დაქვემდებარებაში გლეხი, ვინმე ჯანგავაძე ჰყოლია. ეს დოკუმენტი წარმოადგენს ‘აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდ დავთარს’ და პირველად გამოაქვეყნა პროფესორმა სარგის კაკაბაძემ 1914 წელს, ხოლო მოგვიანებით (1970 წ.) აკადემიკოსმა ისიდორე დოლიძემ [დოკუმენტები 18, 19]. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი სარგის კაკაბაძის მიერ ამ ძეგლის დასათაურების შესახებ წერდა: „გამომცემელს ს. კაკაბაძეს, ამ ძეგლისთვის შესაფერისი სათაური ვერ შეურჩევია: იგი „საკათალიკოზო გლეხების დავთარი“ არ არის… ის შემოსავლის დავთარია და არა ხალხის აღწერის დავთარი“ [იხ. ი. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, თბილისი 1930 წ., გვ. 81]. ასეა თუ ისე, ჩვენთვის ეს ძეგლი განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ მასში დასახელებულ ლაღიძეს სოფ. ჯიმაშტაროში უცხოვრია, რომელიც აგრეთვე წყალტუბოს რაიონში მდებარეობს.

18
18. ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდი დავთარი, ტფილისი 1914, გვ. 9-10

19
19. ქართული სამართლის ძეგლები (ი. დოლიძე), ტ. III, თბ., 1970, გვ. 405

პროფ. სარგის კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებულ დაახლოებით იმავე პერიოდის საბუთში (იგი რატომღაც არ არის მოხვედრილი პირთა ანიტორებულ ლექსიკონში – დოკ. 15) დასახელებული ზალ ლაღიძეც აზნაური უნდა ყოფილიყო, ვინაიდან იგი მფლობელია ექვსი კომლის/ოჯახის და სასახლისა [დოკ. 20]. ასეთი ქონება გლეხისთვის წარმოუდეგნელი იყო და იგი მხოლოდ თავად-აზნაურობას შეიძლება ჰქონოდა.

20
20. ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი იადგარი, საისტორიო მოამბე,
1925 წ., გვ. 194

ზემოთაღნიშნული საბუთიდან ჩანს, რომ აზნაური ზაალ ლაღიძე XVII საუკუნის პირველ ნახევარში თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანის მკვიდრია [დოკ. 20]. ლაღიძეების გოდოგანში ცხოვრება აგრეთვე დასტურდება მერაბ კეზევაძის მიერ გამოქვეყნებული 1840-იანი წლების საეკლესიო-სააღმსარებლო წიგნებიდან [დოკ. 33].

ჩვენ ხელთ გვაქვს XVII საუკენის მეორე ნახევრის ორი საბუთი, რომლებიც აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილს აქვს გამოცემული [დოკ. 21-22; მათ შორის ერთ-ერთი – ი. დოლიძესაც, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, თბ., 1970, გვ. 532], სადაც ლაღიძეები მხოლოდ გარკვეულ საქმეთა დამწერად და მოწმეებად არიან დასახელებულნი.

21
21. ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. II, ტფილისი 1909, გვ. 86 [იხ. ქართული სამართლის ძეგლები (ი. დოლიძე), ტ. III, თბ., 1970, გვ. 532]

22
22. ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, ტფილისი 1920, გვ. 69

აღსანიშნავია, რომ ექ. თაყაიშვილის მიერ გამოქვეყნებულ და აქ მოყვანილ ბარათაშვილების მიერ პაპუნა გოსტაშაბიშვილისათვის მიცემული ვენახების გაცვლილობის წიგნში [დოკ. 22], პირთა ანოტირებული ლექსიკონის მიხედვით, მასში ნახსენებია ბარათაშვილის დამწერი ლაღაძე და არა ლაღიძე [დოკ. 15].

მაგრამ, XVII საუკენის მეორე ნახევრის ერთი საბუთი, რომელიც პროფ. სარგის კაკაბაძემ გამოაქვეყნა [დოკ. 23], გვიჩვენებს, რომ ლაღიძეები სოფ. ჩხარში ცხოვრობდნენ.

23
23. ს. კაკაბაძე, დასავლეთ საქარველოს საისტორიო საბუთები, ტ. II, ტფილისი 1921, გვ. 56

მრავალმხრივი ცნობები და დოკუმენტები ლაღიძეების შესახებ ვრცლად XIX საუკუნიდან გვხვდება, რომელთა შინაარსი მრავალფეროვანია. როგორც ქრონოლოგიურად, ასევე შემცველი ფაქტებით, ჩვენთვის პირველ რიგში საყურადღებოა პროფ. ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ XIX საუკუნეში გამოქვეყნებული გუჯრი ‘მრავალ ძალი’ [დოკ. 24], ვინაიდან ამ საბუთში 1809 წელს ლაღიძეთა საცხოვრებელ ადგილად დასახელებულია სოფ. ჩუნები, ანუ, ჩუნეში [ამ ფაქტის მნიშვნელობას კი სხვა დოკუმენტებთან ერთად ქვემოთ განვიხილავთ].

24
24. ა. ხახანაშვილი, გუჯრები, ქუთაისი, 1891, გვ. 128

ამავე დოკუმენტის იდენტურია XVI საუკუნის ‘ბიჭვინთის იადგარი’ [დოკ. 12]. როგორც ჩანს, ალ. ხახანაშვილი დოკუმენტის თარიღად 1809 წ. მის გადაწერის თარიღს უთითებს. შესაძლოა ეს სწორედ გადაწერის თარიღია, რადგან როგორც თვითონვე ამ წიგნის შესავალში მე-15 გვერდზე წერს, იმ პერიოდში ხდებოდა გუჯრების განახლება. იხ. მისი შენიშვნა წიგნის 123-ე გვერდზე. ბიჭვინთის იადგარი რომ XVI საუკუნის ძეგლია, ეს უტყუარი ფაქტია.

მართალია ქვემოთ მოყვანილი ოთხი დოკუმენტი ლაღიძეთა გვარის ისტორიის შესახებ განსაკუთრებულ ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ არც მათი გვერდის ავლა/გამოტოვება იქნებოდა მართებული. აქ მოქხსენიებულია მოურავი გოგია ლაღიძე [დოკ. 25], განჩინებებში კი საუბარია ზაალ ლაღიძის მამულისა და ყმების სადავო საქმეებზე [დოკ. 26, 27, 28].

25
25. ქართული სამართლის ძეგლები (ი. დოლიძე), ტ. III, თბ., 1970, გვ. 1130-1131

26
26. ქართული სამართლის ძეგლები (ი. დოლიძე), ტ. VI, თბ., 1977, გვ. 462-463

27
27. ქართული სამართლის ძეგლები (ი. დოლიძე), ტ. VI, თბ., 1977, გვ. 488-489

28
28. ქართული სამართლის ძეგლები (ი. დოლიძე), ტ. VI, თბ., 1977, გვ. 491-492

ამ დოკუმენტებში ხსენებულ ზაალ ლაღიძეს ვხვდებით აგრეთვე სპეციალურ ლიტერატურაში, სადაც პროფ. დ. გოგოლაძე განიხილავს ყმა-გლეხთა ყიდვა-გაყიდვის საკითხს იმდროინდელ იმერეთის რეგიონში [დოკ. 29], ხოლო თავდახსნილობის საკითხზე საუბრის დროს დასახელებულია მებატონე ბერი ლაღიძე [დოკ. 30].

29
29. დ. გოგოლაძე, საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში,
თბ., 1971, გვ. 411

30
30. დ. გოგოლაძე, დას. ნაშრ., გვ. 402

ახლა ვნახოთ XIX საუკუნის 40-იანი წლების სააღმსარებლო წიგნების ინფორმაცია, რომლებიც დაცულია ქუთაისი ცენტრალურ არქივში [დოკ. 31-33], საიდანაც ნათლად ჩანს ლაღიძეების იმდროინდელი საცხოვრისი სოფლები იმერეთში და მათი სოციალური მდგომარეობა:

31
31. მ. კეზევაძე, ქართული გვარსახელები იმერეთში, ქუთაისი 2004, გვ. 62, 63.

32
32. მ. კეზევაძე, ქართული გვარსახელები იმერეთში, ქუთაისი 2004, გვ. 69, 85, 110, 115

33
33. მ. კეზევაძე, ქართული გვარსახელები იმერეთში, ქუთაისი 2004, გვ. 15. გოდოგნელი ლაღიძის შესახებ იხ. დოკ. 20.

ამავე პერიოდის, ანუ, XIX ს. შუა ხანის სხვა სარწმუნო დოკუმენტებიც ადასტურებენ იმავე ფაქტს, რომ ლაღიძეები ნამდვილად აზნაურები იყვნენ. მათი ხუთი ოჯახის სრული შემადგენლობა შესულია იმერეთის თავად-აზნაურთა ოფიციალურ სიაში.

34
34. იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები (გამომცემელი ზ. ჭუმბურიძე),
თბ., 1999, გვ. 381-382

როგორც ზემომოყვანილი 1840 იანი წლების საეკლესიო-სააღმსარებლო დოკუმენტები მეტყველებენ, ლაღიძეები მე19 საუკუნის პირველ ნახევარში წარმოადგენდნენ ე. წ. საეკლესიო აზნაურებს სოფ. ობჩაში, როკითსა, სიმონეთში და გოდოგანში? (გოდოგანელი ლაღიძის სოციალური სტატუსი დოკუმენტიდან [დოკ 34] არ სჩანს – შესაზლებელია გოდოგანელი ლაღიძე სახელმწიფო აზნაურიც იყო). ცნობილია რომ შუა საუკუნეების საქართველოში აზნაურთა სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა. სამეფო აზნაურები (იგივე “ტახტის აზნაურები”) მეტი პრივილეგიებითა და გავლენით სარგებლობდნენ, ვიდრე საეკლესიო და სათავადო აზნაურები. დამოკიდებულების საფუძველი ყველა შემთხვევაში ერთი იყო – აზნაურს ბატონის მამული ეჭირა. აზნაურს ბატონისაგან წასვლის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ მას მიწასა და იქ დასახლებულ ყმებზე უარს იტყოდა. ბატონის უფლებები აზნაურის მიმართ დიდი იყო. ბატონს შეეძლო აზნაური მზითვადაც გაეცა. მეფეთა მიერ აზნაურის გაჩუქება ან მზითვად გატანება საეკლესიო და სათავადო აზნაურების გაჩენის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა. XI საუკუნიდან, როდესაც ფეოდალური კლასი 2 წოდებად ჩამოყალიბდა (XI-XIII საუკუნეებში – დიდებულები და აზნაურები, XIV-XVIII საუკუნეებში – თავადები და აზნაურები), საეკლესიო აზნაურად ითვლებოდა მხოლოდ ფეოდალური კლასის ქვედა წოდების წარმომადგენელი. XIV-XVIII საუკუნეებში საქართველოში საეკლესიო აზნაურთა რაოდენობა უფრო მცირე იყო, ვიდრე სამეფო და სათავადო აზნაურებისა. სათავადო აზნაური კი მემკვიდრეა IX-XIV საუკუნეების დიდებულის ვასალ-აზნაურისა, ისევე როგორც ეს უკანასკნელი – ადრინდელი ფეოდალური ხანის დიდი აზნაურის ვასალის – მცირე აზნაურისა [დ. გოგოლაძე, საქართველოს სოციალურ–ეკონომიური განვითარება გვიანფეოდალურ ხანაში, თბ., 1971, გვ. 10-40].

ამასთანავე, XIX საუკუნის 40-იანი წლების იმერეთის სააღმსარებლო წიგნებიდან ჩანს [დოკ. 32], რომ სოფ. ჩხარში ლაღიძეები სახელმწიფო აზნაურები ყოფილან.

1840 წლის საამსრულებლო დოკუმენტში მოხსენიებულია ლაღაძე (ლაღიძე). ლაღაძეების ცხოვრება სოფელ ძევრში აგრეთვე დასტურდება XVIII საუკუნის საბუთით [დოკ. 32]. XIX საუკუნის ბატონყმურ ხანაში, ისე როგორც აქამდე, ქართველი გლეხები ანუ ყმა–გლეხები (აქედან ტერმინი ბატონყმობა; ყმა – სიტყვიდან ყრმა, ყმაწვილი) წარმოადგენდნენ ძირითად მწარმოებელ კლასს და მფლობელობის ანუ კუთვნილების მიხედვით ისინი სამ დიდი კატეგორიათ იყოფოდნენ: 1. სახელმწიფო (სახაზინო), 2. საბატონო, და 3. საეკლესიო გლეხებად. რუსეთთან შეერთების შემდეგ სამეფო და საუფლისწულო (ბატონიშვილების) გლეხები რუსეთის სახელმწიფო (სახაზინო) გლეხებად იქცნენ. ქართველი გლეხობა უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობით კი სხვადასხვა კატეგორიებისაგან შედგებოდა, რომლებიც ისეთივე იყო, როგორიც გვიან შუასაუკუნეებში: ნებიერი, ნასყიდი, თავდაწერილი, შეწირული, მოჯალაბე, მსახური, ხიზანი და სხვ. [დ. გოგოლაძე, დას. ნაშრ. გვ. 121]. ისინი, თავიანთი სოციალ-ეკონომიური მდგომარეობით, მაინც განსხვავდებოდნენ ერთიმეორისაგან. სახელმწიფო გლეხებს, ისე როგორც სოფლის მშრომელი მოსახლეობის დანარჩენ კატეგორიას, აწუხებდათ არა მარტო მცირემიწიანობა-უმიწობა, არამედ მრავალრიცხოვანი გადასახადის მძიმე ტვირთიც. გლეხები ხაზინას უხდიდნენ სხვადასხვა სახის პროდუქტად და ფულად გადასახადებს. პირველ მათგანს განეკუთვნებოდა სურსათი, კოდის პური, ღალა, ყალანი, ბეგარა, საჩუქარი და ნაწილობრივ კულუხი, ხოლო მეორეს – საბალახო, მალი და ფულადი მახთა. ფეოდალურ-ბატონყმურ ურთიერთობათა უკუღმართ შედეგებს ყველაზე ნაკლებად სახელმწიფო გლეხები განიცდიდნენ. მეორე ადგილზე საეკლესიო ყმები იყვნენ, ხოლო მესამეზე – საბატონო [საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V, თბ., 1970, გვ. 137-180].

როგორც ზემოგანხილული მასალიდან მტკიცდება, ლაღიძეთა განსახლების ისტორიული მხარეა იმერეთი, სადაც ადგილი უნდა ჰქონოდა აგრეთვე ამ გვარის წარმომადგენელთა ე. წ. შიდა მიგრაციას, ანუ, თვით იმერეთის შიგნით მათ გადაადგილებას. ლაღიძეების ძირითად საცხოვრის ადგილს კი ბაღდათის რაიონის სოფ. ობჩა წარმოადგენს, მაგრამ მოძიებული საარქივო საბუთებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი ამ სოფელში XIX საუკუნის პირველ ნახევარში დამკვიდრებულან. ჩვენ ხელთ გვაქვს 1818 წლის სოფ. ოფჩის მოსახლეობის კამერალური აღწერა, სადაც ლაღიძეების გვარი საერთოდ არ ფიგურირებს, ანუ, როგორც ამ დოკუმენტიდან სჩანს იმ დროისათვის ამ გვარის წარმომადგენელი სოფ. ობჩაში ჯერ არ დამკვიდრებულა [დოკ. 35]. ამ აღწერის მიხედვით, იმ დროს სოფ. ობჩაში სულ 21 კომლი/ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლეს და ძირითად ნაწილს ბურჯანაძეები წარმოადგენდნენ 10 კომლის რაოდენობით, ხოლო, თითო-ოროლა კომლი იყო დანარჩენი გვარები: აბუ(ნ)აძე, ჩიკვანაძე, დათუაშვილი, დათვიაშვილი, ჟორჟოლიანი, ხაჩბერიძე…

35
35. 1818 წლის სოფ. ობჩის კამერალური აღწერის პირველი გვერდი,
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 254, ან. 1, საქ. 805, გვ. 14ა

1827 წლიდან ლაღიძეები ჩნდებიან სოფ. ოფჩის წმ. გიორგის საეკლესიო წიგნებში ე. წ. მატრიკულ ჩანაწერებში [დოკ. 36], რომლებიც ინახება საქართევლოს ცენტრალურ საისტორიო არქივში 1826 წლიდან 1915 წლის ჩათვლით.

36
36. 1827 წლის ობჩის საეკლესიო ჩანაწერი – საქართველოს ცენტრალური
საისტორიო არქივი, ფ. 489, ან. 6, საქ. 33

აღსანიშნავია, რომ 1818 წლის იმერეთის მოსახლეობის კამერალურ აღწერებში ლაღიძეთა ერთი კომლი გვხვდება სოფ. ძევრში [დოკ. 37], რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიგრაციის დროს ამ გვარის ერთ-ერთი ოჯახი სოფ. ძევრშიც დასახლებულა. თუმცა, ამ სოფლის მომდევნო წლების საეკლესიო ჩანაწერებში მათი რაოდენობა ძალიან მწირია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ლაღიძეები ძირითადად სოფ. ობჩაში ცხოვრობენ.

მართალია, აღნიშნულ კამერალურ აღწერაში შესულია სოფლების სიმონეთისა და ჩხარის მოსახლეობის სიებიც [არ არის სოფ. როკითი], მაგრამ აქ ჩვენთვის საინტერესო გვარი არ ფიგურირებს. ამიტომ, სავარაუდოა, რომ, ამ სოფლებში ისინი მოგვიანებით დასახლებულან. რაც ყველაზე სამწუხაროა, სოფლები ჩუნეში და ფარცხანაყანები ამ საარქივო საქმეში არ არის, რომელთა მოსახლეობის სიები ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა.***

37
37. 1818 წლის სოფ. ძევრის კამერალური აღწერა – საქართველოს ცენტრალური
საისტორიო არქივი, ფ. 254, ან. 1, საქ.805, გვ. 14ა

როდესაც ამა თუ იმ საკითხზე წერილობითი წყაროები მწირად მოგვეპოვება, გარკვეულ მნიშვნელობას იძენს ტოპონიმიკა. აკად. სიმონ ჯანაშია აღნიშნავდა: „ტოპონიმიკა… ერთადერთი წყაროა საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობის გასარკვევად იმ ხანისათვის, რომელსაც წერილობითი გადმოცემის შუქი ვერ წვდება“ [ს. ჯანაშიას შრომები, ჩერქეზული (ადიღეური) ელემენტი საქართველოს ტოპონიმიკაში, III, თბ., 1969, გვ. 117]. ამიტომ, ვნახოთ რა სურათი გვაქვს ამ თვალსაზრისით ტოპონიმიკაში [დოკ. 38].

38
38. საქართველოს ტოპონიმია (მასალები), ტ. III, ქვემო იმერეთი,
თბ., 2003, გვ. 164.

საქართველო მოფენილი იყო გვარსახელური წარმოშობის ოიკონიმებით (საკუთარი სახელებისგან წარმომდგარი ტოპონიმები) და მას მეცნიერები ანთროპოოიკონიმებს უწოდებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით აკად. ივანე ჯავახიშვილი წერდა: „გამოირკვა, რომ სოფლები საქართველოში გვარეულობებად ყოფილან დასახლებულნი და მთაში ამისი კვალი XVIII ს. დამლევამდისაც მკაფიოდ ჩანდა“ [ივ. ჯავახიშვილი, ტომი VI, თბ., 1982, გვ, 140]. საქართველოში გვარის სახელის მატარებელი ოიკონიმები მრავლად არსებობს. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ეს დასახელებანი ტოპონიმთა საწარმოებლად არ გამოიყენება, ანუ ისინი სადაურობა-წარმოშობას კი არ გადმოგვცემენ, არამედ უშუალოდ მომდინარეობენ ამ ადგილებზე მცხოვრებ გვარიდან.

აქედან გამომდინარე, ზემოდასახელებული ადგილების სახელწოდებიდან (ტოპონიმიდან) კი არ უნდა წარმოშობილიყო და მომდინარეობს გვარი ლაღიძე, არამედ ვინაიდან ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ იქ, ამის გამო მას/ადგილს ეწოდა ლაღიძისოული, ლაღიძის წყარო ან ყანა, ლაღაისკარები და ა. შ.

საქართველოში კიდევ არსებობს ჩვენთვის საყურადღებო ტოპონიმი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, რადგან იგი ამასთანავე ანთროპოოკინომია, ანუ, სახელიდან (ლაღა) წარმოქმნილი ტოპონიმი [დოკ. 39]. მაგრამ იგი ჩვენს საკვლევ გვართან კავშირში არ შეიძლება განვიხილოთ, ვინაიდან ტოპონიმი ‘ლაღათუბანი’ სამცხე-ჯავახეთშია დაფიქსირებული XVI საუკუნეში, როდესაც იმერეთში გვარი ლაღიძე უკვე ფორმირებულია და ა. შ. ჩვენ არავითარი საფუძველი არ გაგვაჩნია განვიხილოთ ამ გვარსახელის მიგრაცია სამცხედან იმერეთში ანდა პირიქით.

39
39. ლაღათუბანი – ბერაძე მ., დიდი ოჯახის გაყრით მიღებული ანთროპოოიკონიმები,
გულანი, 2008, #2, გვ. 31

ახლა, როდესაც გავეცანით ჩვენს მიერ გამოვლენილ ადრეული საუკუნეების დოკუმენტებსა და ლიტერეატურას, მათი ანალიზის საფუძველზე შეიძლება დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ლაღიძეების გვარი მომდინარეობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ჩუნეშიდან. ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება, რომ ლაღიძეთა შესახებ ყველაზე ძველი (XVI ს.) ორი ცნობა სწორედ ამ სოფელს უკავშირდება [დოკ. 12, 13]. ხოლო, ოდნავ მოგვიანებით, ამავე საუკუნის დოკუმენტებში დაფიქსირებულია გვარი ლაღაძე იმავე რაიონის სოფ. ფარცმანაყანევში [დოკ. 15]. XVII საუკუნის დასაწყისში კი ამ გვარს ვხვდებით ქუთაისში, სოფლებში ჯიმაშტაროსა და გოდოგანში [დოკ. 16, 18, 20]. ლაღიძე/ლაღაძის შემცველი ზოგიერთი ტოპონიმი კი სოფლებში ფარცხანაყანევსა და ძევრში დღემდე არსებობს. ყველა ეს სოფელი წყალტუბოს მხარეში/რაიონში მდებარეობს. ლაღიძეთა შესახებ არსებული შემდგომი პერიოდის დოკუმენტები ხომ ამავე რეგიონს – ზემო იმერეთს განეკუთვნება, კერძოდ, თერჯოლის რაიონის სოფლებს:  ჩხარი, ძევრი, სიმონეთი. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ლაღიძეების ზემო იმერეთში ცხოვრება XVI საუკუნიდან ეჭვგარეშედ გამოიყურება, ხოლო მათი მიგრაცია სოფ. ჩუნეშიდან მეზობელ სოფლებში სავარაუდოდ იმავე პერიოდში უნდა მომხდარიყო.

რაც შეეხება ლაღიძეთა მიგრაციას ბაღდათის რაიონსა და კერძოდ იქ მდებარე სოფ. ობჩაში, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, ამ მოვლენას სავარაუდოდ ადგილი უნდა ჰქონოდა XIX საუკუნის 20-იან წლებში. სამწუხაროდ, სათანადო მასალის არარსებობის გამო გასარკვევი რჩება, რატომ და რომელი მათგანი გადავიდა საცხოვრებლად ამა თუ იმ იმერეთის სოფელში. თუმცა, როგორც XIX საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი, აკადემიკოსი დიმიტრი ბაქრაძე აღნიშნავდა: „…იმერეთის მოსახლეობა მკვეთრად განირჩევა ქართლისა და კახეთის მონათესავე მოსახლეობისაგან. იმერელი უყოყმანოდ ტოვებს თავის კუთხესა და ოჯახს, საშოვარზე მიდის საქართველოში, კავკასიის ხაზზე და უფრო შორსაც. ამას მხოლოდ უბრალო ხალხზე როდი ვამბობ, არამედ თავადაზნაურობაზეც. ქართლელი აზნაური ქედმაღალია, იმერელი კი არა [დ. ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, თბ., 1987, გვ. 9].

ამრიგად, მოძიებული მასალებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1818-1827 წწ. შორის პერიოდში მომხდარა ლაღიძეების დასახლება ბაღდათის რაიონის სოფ. ობჩაში, რომლებიც უნდა გადმოსულიყვნენ აქ საცხოვრებლად წყალტუბოს რაიონის სოფ. ჩუნეშიდან. მართებულად მიიჩნევენ ლაღიძეები თავის ძველ საცხოვრისათ სოფ. ობჩას, ვინაიდან ისინი საუკუნეების წინ სწორედ იქ დამკვიდრებულან. ამ სოფლის შესახებ კი მაღალკვალიფიციური გამოკვლევა ეკუთვნის პროფ. გურამ ბედოშვილს [დოკ. 37].

40
40. გ. ბედოშვილი, ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი,
თბ., 2001, გვ. 304-306

საინტერესოა 1818 წლის სოფელ ობჩას კამერული აღწერის და 1840 იანი წლების იგივე სოფლის მოსახლეობის სააღმსრულებლო დოკუმენტის შედარება-ანალიზი, რაც სოფელ ობჩაში 19 საუკუნის 30-იან წლებში საოცრად მაღალი ტემპით მიგრაციაზე მეტყველებს. ეს ვფიქრობ ცალკე კვლევის თემაა.

1818 წლის კამერალური აღწერიდან სჩანს, რომ ამ დროს სოფელ ობჩაში ცხოვრობდა 21 კომლი, მათ შორის 10 ბურჯანაძისა და დანარჩენი გვარები: აბუ(ნ)აძე, ჩიკვანაძე, დათუაშვილი, დათვიაშვილი, ჟორჟოლიანი, ხაჩბერიძე… სავარაუდოდ 12 გვარი.
[დოკ. 35].

1840 წლის სააღმსრულებლო დავთარში სოფელ ოფჩაში ფიქსირებულია 72 გვარი, სასულიერონი: აბულაძე ბურჯანაძე, მშვილდაძე, ჩარკვიანი. თავადი ჯაფარიძე. აზნაურები: ჯაფარიძე, ამილახვარი გამყრელიძე, კახიძე, კიკნაძე, ჩხეიძე, დიდიძე, მაჭავარიანი ნეფსაძე, ყიფიანი, ლაღიძე, ჩარკვიანი, ჩხეიძე. გლეხები: ბურჯანაძე, გეწაზე…
[დოკ. 31].

41
41. წმ. გიორგის ტაძარი ობჩაში

ამჟამად ობჩაში მოქმედებს წმინდა გიორგისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ლაღიძეები ობჩას თავიანთ ბუდე სოფლად მიიჩნევენ. სამწუხაროდ ჩემს მიერ მოძიებული მასალებიდან ამის უტყუარი მტკიცება შესაძლებელი არ არის.
ლაღიძეების საგვარეულოს შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მისაღებად, კარგი იქნებოდა სპეციალური საისტორიო-ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოწყობა იმერეთში, ისტორიულ არგვეთის სოფლებში (ობჩა, ჩუნეში, ფარცმანაყანევი, ჯიმაშტარო, ჩხარი, ძევრი, სიმონეთი), სადაც შესაძლოა გამოვლინდეს საინტერესო დოკუმენტები, თქმულებები, საგავარეულო სასაფლაოები, შესწავლილი იქნეს მათი წარსული ყოფა-ცხოვრება და ა. შ.

საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ქართლ–კახეთის მოსახლეობის აღწერის XVIII ს. პირველი მეოთხედის დავთარში ფიგურირებს გვარი ლაღიაშვილი [დოკ. 42], ანუ, ამ გვარის ფუძე ჩვენი საკვლევი გვარის ფუძის იდენტურია. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად იბადება კითხვა, ხომ არ მოხდა ლაღიძეთა მიგრაცია იმერეთიდან ქვემო ქართლშიც, თეთრიწყაროს რაიონის სოფ. კოდაში, სადაც მათ შეიცვალეს სუფიქსი და გახდნენ ლაღიაშვილები? მართალია, ნათლად ჩანს გვარსახელების ლაღიძისა და ლაღიაშვილების ფუძეების მსგავსება, მაგრამ იგი ამ გვარმოდენილობათა შორის სისხლის ნათესაობაზე არ უნდა მეტყველებდეს, ვინაიდან, სავსებით შესაძლებელია ერთნაირი ჟღერადობის გვარსახელები დამოუკიდებლად წარმოშობილიყო სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხარეში და განსხვავებული სუფიქსით.

ამდენად, აუცილებელი არ არის, იმერეთში მცხოვრები ლაღიძე და ქართლელი ლაღიაშვილები ერთმანეთის ნათესავებად ჩაგვეთვალა. ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მეცნიერების პატრიარქი აკაკი შანიძე აღნიშნავდა: „…წყვილ–წყვილი გვარები, მაშასადამე, ერთნია წარმოშობის თვალსაზრისით, მაგრამ გაფორმებულია სხვადასხვაგვარად, იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს ამა თუ იმ გვარის ხალხი, აღმოსავლეთ საქართველოში თუ დასავლეთში. ხომ ვამბობთ, წარმოშობით ერთნიაო, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი დედ–მამის ჩამომავლები იყვნენ! არა, ეს ნიშნავს, რომ ასეთ გვარებს ერთი და იგივე სახელი უძევს საფუძვლად. მაგრამ ერთი და იგივე სახელი სულ სხვადასხვა წარმოშობის პირებს შეიძლება ჰქონდეთ. მიუხედავად ერთნაირი გვარისა, წარმოშობით ისინი შეიძლება სხვადასხვანი იყვნენ და ნათესაური კავშირი არ ჰქონდეთ“ [ა. შანიძე, თეოფორული სახელები ქართველურ ენებში, თსუ შრომები, 1951 წ. #45, გვ. 195–196].

42
42. ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები,
წიგნი 1, თბ., 1967, გვ. 178

აღსანიშნავია აგრეთვე შემდეგი ფაქტი, რომ VXII საუკუნეში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხოფისში მცხოვრები ლაღაძე სამეფო გლეხია. ხოლო, გიორგი ლაღაძე XVII საუკუნეში ჩანს თავად ბარათაშვილის კარის დამწერად [დოკ. 15]. სავარაუდოდ იგივე გიორგი ლაღიძე (უკვე გვარის ფორმა ლაღიძე და არა ლაღაძე) მოიხსენიება თავად ბარათაშვილის კარის დამწერად. [დოკ. 22]. ექ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, ტ. I, ტფილისი 1920, გვ. 69)

როგორც ცნობილია, მოსახლეობის მიგრაცია ხორციელდებოდა საქართველოს მთელი ტერიტორიის ფარგლებში ისტორიის მანძილზე. ჯგუფური გადასახლებანი ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში შეინიშნება, იმ დროს, როდესაც უმეტესად მთის რეგიონებში ჭარბი მოსახლეობა რაოდენობის ზღვარს მიაღწევდა და საქართველოს ესა თუ ის რეგიონი (უმეტესად მთისწინეთი და ბარი) მოსახლეობისაგან ამოვარდებოდა. გაჟონვითი ანუ ინდივიდუალური გადასახლებანი კი მუდმივად ხდებოდა, რომლის მიზეზი სხვადასხვა იყო: კლასობრივ-სოციალური დაპირისპირება, მესისხლეობა, ეკონომიკური პირობები. შესაძლოა ასეთ ინდივიდუალურ მიგრაციასთან გვაქვს საქმე იმერეთიდან კახეთში, როდესაც XVIII საუკუნის დავით გარეჯის მონასტრის ყმების ნუსხაში ვინმე ლაღაძეა მოხსენიებული [დოკ. 40].

43
43. გარეჯის ისტორიული დოკუმენტები, თბ., 2011, გვ. 705

რაც შეეხება ლაღიძეების თანამედროვე განსახლებას, მის შესახებ გაგვაჩნია შემდეგი მონაცემები: ავთანდილ სილაგაძისა და ანზორ თოთაძის მიერ 1997 გამოცემული წიგნის “გვარ-სახელები საქართველოში” მიხედვით, ამ პერიოდისთვის საქართველოში ცხოვრობდა სულ 887 ლაღიძე, აქედან თბილისში – 313, ქუთაისში – 133, ოზურგეთში – 76 [დოკ. 41].

44
წეგ
44. ა. სილაგაძე, ა. თოთაძე, გვარ-სახელები საქართველოში, თბ., 1997, გვ. 123

გვარის ერთერთი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ლაღიძეები დღეს საქართველოს ყველა მახარში ცხოვრობენ. აღსანიშნავია აფხაზეთში და კერძოდ ქ. სოხუმში მცხოვრები ეროვნებით აფხაზი ლაღიძეები.

ცალკე უნდა ითქვას, რომ სამშობლოს დასაცავად დიდ სამამულო ომში მებრძოლ გმირულად დაღუპულ ქართველთა შორის, ჩვენთვის საინტერესო გვარის წარმომადგენლები საკმაოდ მრავლად ყოფილან. არსებობს მათი სია, რომელთა რიცხვი 32 კაცს შეადგენს [დოკ. 42].

45

45. სამამულო ომში დაღუპულები

აქვე მოგვყავს ერთი დოკუმენტის ასლი [დოკ. ; მსგავსი დოკუმენტი ახლავს სიაში არსებულ ყველა პიროვნებას ქვემოდ დასახელებულ ვებ-საიტზე] ობჩელი ტერენტი ლაღიძის შესახებ, რათა ვიხილოთ თუ როგორ არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ არქივში დაცული ეს მართლაც ძვირფასი მასალა, რომელიც გამოქვეყნებულია მათ ვებ-საიტზე: http://www.obd-memorial.ru/

46
46. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ არქივი, ტერენტი ლაღიძე
ფონდი p7021, ან. 102, საქმე 630

ლაღიძეთა საგვარეულო არ არის მწირი სახელოვანი პიროვნებებით, რომელთა უბრალო ჩამოთვლაც კი დიდ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენელს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის საკვლევი გვარის გვირგვინად და მშვენებად ამობრწყინდა ქართველ ხალხში დიდი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი რევაზ ლაღიძე (1921–1981), რომელიც სოფ. ოფჩაში დაიბადა. ხოლო, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი მიტროფანე ლაღიძე (1869–1960) ამავდროულად იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და დრამატული საზოგადოების აქტიური წევრი. მატერიალურად ეხმარებდა მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან და სხვებთან, გამოსცემდა ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს. მათ შესახებ მრავალი საინტერესო ნაშრომი, მუსიკალური, მხატვრული თუ დოკუმენტრი მასალაა გამოქვეყნებული, რომელთა გაცნობას მსურველი ძალიან ადვილად შეძლებს.******

2013 წელს ჩამოყალიბდა ლაღიძეების საგვარეულო კავშირი. 2014 წელს შეიქმნა საგვარეულო გერბი ცნობილი ქართველი ჰერალდიკის სპეციალისტის დავით კლდიაშვილის მიერ. გერბი შეიქმნა გვარის შესახებ ისტორიული ცნობებისა და ზეპირ გადმოცემებზე დაყრდნობით ვექსილოლოგიის მოთხოვნათა სრული დაცვით.

47
47. ლაღიძეთა საგვარეულო გერბი

გერბის ბლაზონი (აღწერილობა):

ჰერალდიკური ფარი გაკვეთილ–გადაკვეთილია ცენტრში მცირე ფარით – ვერცხლის ველზე წითელი ჯვრით. გერბის პირველ ვერცხლის ველზე ბუნებრივი ფერის წაბლის ხე და სამი შემცირებული ლაჟვარდის ტალღური ქამარი, მეორე ლაჟვარდის ველზე ვერცხლის ბოძი და ოქროს ქნარი ვერცხლის სიმებითა და ვერცხლის სამაგრებით. მესამე ველი გაკვეთილია – პირველ ლაჟვარდის ველზე ოქროს საეკლესიო ჯვარი შიდა ვერცხლის სწორი ჯვრით, მეორე ოქროს ველზე ლაჟვარდის ზურმუხტისფოთლიანი ყურძნის სამი მტევანი 2:1. მეოთხე ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ფარი ვერცხლის სამაგრებით და ლაჟვარდის აღმოსავლური მახვილით.
ფარს ადგას მეორე ხარისხის სამეფო (ტახტის) აზნაურის გვირგვინი ქუდით.

ფარის დამჭერებია ოქროს ირმები სევადის რქებითა და ჩლიქებით, რომლებიც დგანან ბუნებრივი ფერის ორნამენტულ პოსტამენტზე. გერბის ლაჟვარდის ბაფთაზე ვერცხლის ქართული დევიზი – სიყვარული და ერთგულება [ დოკ. 47].

ასე წარმოგვიდგება გვარი ლაღიძეების ეტიმოლოგიისა და ისტორიის გზები ზემოთ განხილული დოკუმენტების, სპეციალური ლიტერატურისა და სხვა ცნობების საფუძველზე, საიდანაც შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ძირითადი დასკვნები:

ლაღიძე არის ერთ-ერთ უძველესი და საკმაოდ წარჩინებული ქართული გვარი, რომლის ფუძეს წარმოადგენს წინაპართა (მამა–პაპის) მეტსახელი ლაღი და
იგი ე. წ. დახასიათების შემცველი გვარების რიცხვში შედის.
• მეტსახელი (თიკუნი) ლაღი უნდა წარმოშობილიყო პიროვნებისგან, რომელსაც ახასიათებდა სილაღე, ანუ, ბუნებით ლაღი ადამიანი იყო. როგორც იტყვიან, ამ პიროვნებას თავისი მეტსახელი ლაღი გაუგვარდა და მასზე სუფიქსი ‘ძე’-ს დართვით მივიღეთ გვარი – ლაღიძე.
• როგორც ადრეულ საისტორიო წყაროებში, ასევე დღესაც არსებობს გვარი ლაღაძე, რომელიც ლაღიძის იდენტურია, ვინაიდან ისინი ერთი და იგივე ადგილიდან მომდინარეობენ, ხოლო, ასოთა ასეთი ცვალებადობა გვარებში კარგადაა ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში.
• ყველაზე ძველი დოკუმენტი, რომელშიც ვხვდებით უკვე ჩამოყალიბებულ გვარს ლაღიძე, არის 1525-1550 წწ. დათარიღებული ‘ბიჭვინთის იადგარი’, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ იგი უძველესი გვარია საქართველოში.
• ამავე და სხვა სარწმუნო დოკუმენტების საფუძველზე მეცნიერულად მტკიცდება, რომ ლაღიძეების გვარი სულ მცირე XVI საუკუნიდან იმერეთის სოფ. ჩუნეში მკვიდრობდა. ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო უნდა მომხდარიყო ლაღიძეთა მიგრაცია იმერეთის სხვადსხვა ადგილებში, სადაც XIX საუკუნიდან დღემდე მათი უმრავლესობა ბაღდათის რაიონის სოფ. ობჩაში ცხოვრობს. აღნიშნულ ფაქტებს ამყარებს მათ ისტორიულ საცხოვრის ადგილებში დღემდე შემორჩენილი ტოპონიმიკა: ლაღიძეების უბანი, ლაღიძეების ყანა და სხვ. აქედან გამომდინარე, ამ გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს საკმაოდ ჭარბი რაოდენობით ცხოვრობენ იმერეთში, შეიძლება ვუწოდოთ არგვეთელები.****
• ძვირფასი დოკუმენტებია შემორჩენილი საქართველოს არქივებში ლაღიძეთა საგვარეულოსა და ოჯახების შესახებ XIX საუკუნის დასაწყისიდან. ძირითადად ეს არის საქართველოში მათი განსახლების ადგილების მიხედვით არსებული საეკლესიო ჩანაწერები, ე. წ. „მატრიკულ წიგნები“, საიდანაც შესაძლებელია მათი სხვადასხვა კონკრეტული შტოს გენეალოგიური ნუსხის შედგენა, ვინაიდან მასში მოცემულია ლაღიძეების დაბადების, გარდაცვალებისა თუ ქორწინების ჩანაწერები.
• გამოვლინებული დოკუმენტებიდან სჩანს, რომ ისტორიულად ლაღიძეები მიეკუთვნებოდნენ თავად-აზნაურთა ფენას, კერძოდ კი ძირითადად საეკლესიო აზნაურები იყვნენ. ამ საკმაოდ ცნობილ გვარს რომელთა რიცხვი დაახლობით 900 აღწევს, მრავალი სახელოვანი პიროვნება, კულტურის მოღვაწე, მეცნიერი თუ სხვა დარგის ხალხი ამშვენებდა და ამშვენებს. აქვე უნდა ითქვას, რომ მრავალ მათგანს თავი შეუწირავს ბრძოლებში სამშობლოს დასაცავად.

შენიშვნები:

* არსებობს ერთი ლექსიკური თანხვედრა ჩვენთვის საინტერესო გვარ–სახელის ფუძესათან. კერძოდ, მეგრულ ენაში არის სიტყვა ‘ლაღა’: „აღა (აღას) ლაღა. ქაღაშ გინოსუმალა ლაღას გადასმა, გასწორება“. როგორც აკად. არნ. ჩიქობავა განმარტავს, დასავლეთ საქართველოში ლაღას უწოდებენ ჯოხს, რომლითაც საწყაოს გადაუსწორებენ ხოლმე მარცვლეულის აწყვისას [დოკ. 6]. მაგრამ, გვარი ლაღიძე/ლაღაძე ასეთი ჯოხის მკეთებლებისგან რომ მომდინარეობდეს, მაშინ ეს გვარი მოხელეობიდან იქნებოდა წარმომდგარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ სახელსა და ქართულ გვარ ლაღაძეს შორის არავითარი კავშირი (ლექსიკის გარდა) არ იძებნება, ანუ ეს თანხვედრა მხოლოდ უბრალო შემთხვევითობად უნდა მივიჩნიოთ. ამასთანავე, საისტორიო წყაროებში გვარი ლაღიძე უდრო ადრე ფიქსირდება ვიდრე ლაღაძე და ა. შ. ხოლო, ერთ–ერთ რუსულ ვებ–საიტზე, რომელიც აქვეყნებს გვარების წარმომავლობის შესახებ უამრავ არასწორ ინფორმაციას და მათ შორის ლაღიძეთა შესახებ, წერია შემდეგი: „В начале IV века в Грузии было принято христианство, и детям стали давать христианские имена. Греческие календарные имена получили большое распространение и постепенно стали вытеснять мусульманские. Однако христианские имена, в отличие от турецко-арабских, нередко претерпевали изменения. Так появились Акаки, Амброси, Геронти, Павле, Тевдоре, Текле, Елисабед, Маро, Агати – грузинские аналоги греческих имен. Фамилия Лагидзе образована от прозвища Лаги. По одной из версий, в его основе лежит осетинское слово «лæг» – «мужчина», «человек», «муж, супруг». Согласно другой гипотезе, это прозвище связано с чеченским словом «лаг», имеющим два значения: «горло, шея» и «косточка». Возможно, Лаги называли сильного мужчину или человека с длинной шеей.
Наконец, нельзя исключить, что в основе этой фамилии лежит абхазское слово «лага» – «молотый». В таком случае прозвище Лаги могло указывать на род занятий человека. Так, основатель рода Лагидзе мог быть мельником. А вот сванский суффикс –ани может указывать на знатное происхождение родоначальника“. http://www.ufolog.ru/names/order/%D0%9B%D0%B0%D0%B3%D0%B8%D0%B4%D0%B7%D0%B5

** ჩუნეში არის ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის მშობლიური სოფელი.

*** „ქართული ისტორიული დოკუმენტების ძირითადმა მასამ ჩვენამდე, ხშირ შემთხვევაში, სრული შემთხვევითობის წყალობით მოაღწია, ვინაიდან სამეფო და საეკლესიო კანცელარიებისა თუ კერძო პირთა არქივები არა ერთგზის იქნა განადგურებული, ბევრი დოკუმენტი დაიღუპა მუდმივი თავდასხმა–აოხრების დროს. ამგვარად, რაოდენობრივი მაჩვენებლებით შემორჩენილი დოკუმენტები არ გვაძლევენ იმ უწყვეტ ლოგიკურ ჯაჭვს, რომლის საფუძველზეც შეიძლება იქნეს გამოტანილი ეჭვმიუტანელი დასკვნები“ [პირთა ანოტირებული ლექსიკონი, თბ., 1991, გვ. 4–5]

**** არგვეთი – ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი. ძველი ქართული წყაროების მიხედვით არგვეთი მთელი კუთხის, „ქვეყნის“ სახელი ყოფილა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერდა: „ და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა…“ [ქართლის ცხოვრება, I, თბ., 1955, გვ. 319-320]. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე. ი. ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. ხოლო, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, არგვეთი „ქვეყანაა“, რომელიც მთელ იმერეთის ვაკესა და ზემო იმერეთის დიდ ნაწილს მოიცავდა [ქართლის ცხოვრება, I, თბ., 1955, გვ. 319-330; ვახუშტი, აღწერა… გვ. 162].

***** XVIII საუკუნის სახელოვანი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი იმერლებს ახასიათებს შემდეგნაირად: „სუფთანი, სამოსელთ გამწყსონი; ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა; ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, და არა სულგრძელნი მას შინა და სხუათა შინაცა, უხუნი და მომხუეჭნი, დღეისის მძიებელნი, ხუალისის არა გამომკითხველნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტესნი კეთილხმოვანნი და სხუათა და სხუათა შემძინებელნი. სარწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსაარებელნი, არამედ უცქვტესად მოუბარნი“ [ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება, თბ., 1973, გვ. 745-746]

ლაღიძეების გვარის ისტორიის წინამდებარე ნაშრომი შესრულებულია 2014 წელს გოჩა ლაღიძის დაკვეთით.

ავტორი და შემდგენელი:
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რეზო ხუციშვილი

პროფილი

48
რეზო ხუციშვილი

დაიბადა თბილისში 1949 წლის 31 მარტს. 1971 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1975-2006 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო არქივებში – მეცნიერ მუშაკიდან რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემდე. 2001-2008 წწ. იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2009-2011 წწ. კომპიუტერული კომპანია ‘გურიან-სოფტ თბილისის’ დირექტორი. 2004 წლიდან დღემდე მფლობელია პოპულარული ვებ-საიტის ‘ქართული გენეალოგია’, რომელმაც 2007 წლის ეროვნულ ინტერნეტ-კონკურსში 1 ადგილი დაიკავა.

არის 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 7 წიგნის: ლაიოშ ტარდი და ქართველოლოგია (თბ., 1992); უნგრული ქრონიკები (თბ., 1993); უნგრულ-კავკასიური პრობლემა (უნგრული ტომები ჩრდილო კავკასიაში, V-IX სს.), თბ., 1994 და სხვ. ეს უკანასკნელი ნაშრომი წარმოადგენს მის სადოქტორო დისერტაციას.

მიღებული აქვს გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან: 1997 და 1998 წლებში საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოდან (ვაშინგტონი); 2003 წელს ბუდაპეშტის ევროპული უნივერსიტეტიდან; 2006 წელს ბრიტანეთის მუზეუმიდან. 1992 წლიდან არის უნგროლოგთა საერთაშორისო ასოციაციის (ბუდაპეშტი) წევრი, 1994 წლიდან ევროპისა და ამერიკის ინსტიტუტის პრეზიდიუმის წევრი.

საქართველოში საარქივო დარგის განვითარების, ნაყოფიერი სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით (1997 წ.) და ღირსების ორდენით (2002 წ.).

49
0194, თბილისი, საირმის ქ. IX. Georgia, Tbilisi, Sairme Street IX, phone (995 32) 237-37-55 www.geogen.ge