მხატვარი სხვა გალაქტიკიდან
თბილისში, ირაკლი აბაშიძის 85 ნომერში, მხატვარმა ლევან ლაღიძემ საავტორო გალერეის დაბადების დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა. როგორ აფასებს ის თავის შემოქმედებას და რას ხედავენ მის ნახატებში მეგობრები და მხატვრები?
ჯერ შორიდან უყურებ, მერე ერთი ნაბიჯით უახლოვდები, კიდევ ერთი ნაბიჯით, კიდევ, კიდევ, ნახატზე ცხვირის მიდება რომ შეიძლებოდეს, ცხვირსაც მიადებდი, იმიტომ რომ გგონია, ასე უფრო უკეთ დაინახავ იმას, რაც მხატვარმა ნახატის სიღრმეში შემალა. მერე უკან იხევ ერთი ნაბიჯით, კიდევ ერთი ნაბიჯით, კიდევ და ხედავ, რომ ნახატის სიღრმეში სწორედ ის დევს, რის დანახვასაც ნახატზე ცხვირმიდებული ცდილობდი. ლევან ლაღიძის ტილოები იმ კალეიდოსკოპს ჰგავს, რომლითაც ბავშვობაში საათობით ვერთობოდი. მოვჭუტავდი მარჯვენა თვალს, მარცხენაზე კალეიდოსკოპს მივიდებდი და ვუყურებდი და ვუყურებდი, როგორ იცვლებოდა კალეიდოსკოპის ფსკერზე ფორმები, ფერები…ვერაფრით ვხვდებოდი, ერთი ხელის მოძრაობით როგორ იცვლიდა ფორმას კალეიდოსკოპის ჯადოსნური ფსკერი. ასეა ლევანის ნახატებიც. მარჯვნიდან შეხედავ, სხვა დეტალს ხედავ, მარცხნიდან შეხედავ, – სხვას, თავს გადაატრიალებ და სხვა ფერები ამოდის ზევით… თეთრი ქალაქი, ზღვარი, ღამე მთაში, ლურჯი ვენახები, შემოდგომა, რომი, გარეუბანი, თეთრი სასახლე…ლევან ლაღიძე ხატავს ყველაფერზე, ყველა-ფერზე. სულაც არ ვიცი, კარგად ვხატავ თუ ცუდადო, ამბობს ის:
“მართლა არ ვიცი და არ გეგონოთ, ვიპრანჭები. ნამდვილად არ ვიტყუები. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: როცა ვხატავ, მინდა, რომ ის წამი გავაჩერო და მინდა, რომ სულ ვხატო, მაგრამ კარგად ვხატავ თუ ცუდად, მაგას კი ვერ ვიტყვი, უბრალოდ ვხატავ”, – ამბობს ლევან ლაღიძე.
ყველაზე უკეთ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ვხატავ …
ლევან ლაღიძე
თუკი საქმე მშრალ თარიღებამდე მივა, გეტყვით, რომ ლევან ლაღიძე 1958 წელს თბილისში დაიბადა. 1981 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. არის ათამდე პერსონალური გამოფენის ავტორი და ასევე ათამდე ჯგუფური გამოფენის მონაწილე. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც თბილისის სხვადასხვა გალერეაში, ასევე მოსკოვში, ტრეტიაკოვის სახელწიფო გალერეაში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და გერცევის გალერეაში. მისი ნახატები ინახება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ჯერსიში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში. ლევან ლაღიძის ტილოები მსოფლიოს მასშტაბით არაერთ კერძო კოლექციას ავსებს. ის ამბობს, რომ ხატვის პროცესში ისე შეიძლება გაეპაროს სრული დღე და ღამე, რომ ვერც შეამჩნიოს. როგორც წესი, ხატვას ღამით იწყებს. ეს მისი დიდი ხნის ჩვეულებაა:
”ყველაზე უკეთ მაშინ ვგრძნობ თავს, როცა ვხატავ”, – ამბობს ლევან ლაღიძე, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მისთვის ხატვა ახირებაა: ”ხშირად მიფიქრია, შორიდან რომ შეხედო სიტუაციას, რა სისულელეა: ზრდასრული კაცი ზის, ხელში უჭირავს ფუნჯი და მთელი დღის განმავლობაში ხატავს და ხატავს. ეს არის ახირება, მაგრამ იცით, როგორი ახირება? სხვანაირად რომ არ შეგიძლია. სულ მადლობელი ვარ იმის, რომ ვიღაც ინაწილებს ჩემს ახირებას, ვიღაც ამ განცდას იზიარებს და მეუბნება, რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ხშირად ვიღებ წერილებს და ფოტოებს, სადაც მწერენ, რომ ჩემი ნახატი სამუშაო ოთახში უკიდიათ და მადლობას მიხდიან. ამაზე დიდი ჯილდო მხატვრისთვის არ არსებობს”, – გვეუბნება ლევან ლაღიძე.
ერთი წლის წინ, აპრილის ბოლოს, თბილისში, ირაკლი აბაშიძის 85 ნომერში, ლევან ლაღიძემ საავტორო გალერეა გახსნა. საავტორი გალერეის გახსნის მთავარ მიზეზად ის საკუთარი შემოქმედებიდან დისტანცირებას ასახელებს და ამბობს, რომ ეს ნებისმიერი შემოქმედისათვის აუცილებელი პროცესია. გალერეისათვის დამახასიათებელ თეთრ კედლებსა და განათებას ლევან ლაღიძის სხვადასხვა ზომის და, რაც მთავარია, შინაარსის ტილოები ავსებს:
მისი სამყარო, მისი ფერწერა, ეს არის დიდი გალაქტიკა. მისი ტილოების აღქმა დამოკიდებულია დისტანციაზე, იმაზე, თუ რა მანძილიდან უყურებ მათ …
ნანა ჯორჯაძე
”უმნიშვნელოვანესია, რომ გარკვეულ ობიექტურ სივრცეში გქონდეს იმის საშუალება, რომ შენი ნამუშევარი ნებისმიერ დროს ნახო. მიუხედავად იმისა, რომ გალერეა შენი სივრცეა, ეს არ არის შენი სახელოსნო, შენი სახლი. აქ ხდება ნამუშევრების ობიექტივიზაცია და შენს ნამუშევრებს როგორც მაყურებელი, ისე უყურებ. ამ გალერეამ ძალიან ბევრი რამ დამანახვა. გავხდი უფრო თამამი”, – ამბობს ლევან ლაღიძე.
ამ დღეებში ლევან ლაღიძემ მეგობრები საავტორო გალერეის დაბადების დღეზე დაპატიჟა. რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ლევანის დიდი ხნის მეგობარია. ის ერთ-ერთ ტილოსთან – „ლაბირინთთან“ – დგას და ყურადღებით აკვირდება. ლევან ლაღიძე – ასტრალური მხატვარი, ასე ახასიათებს ნანა ჯორჯაძე თავის მეგობარს:
”მისი სამყარო, მისი ფერწერა, ეს არის დიდი გალაქტიკა. მისი ტილოების აღქმა დამოკიდებულია დისტანციაზე, იმაზე, თუ რა მანძილიდან უყურებ მათ. როდესაც ნახატიდან შორს დგახარ, ხედავ ერთ დიდ ფერწერულ ტილოს, მაგრამ როგორც კი უახლოვდები და რაც უფრო მეტად უახლოვდები, ეს მიახლოება არ მთავრდება, უფრო და უფრო მეტ პატარ-პატარა სამყაროს აღმოაჩენ”, – ამბობს ნანა ჯორჯაძე.
მხატვარი ნინო ყვავილაშვილი თავს ლევან ლაღიძის შემოქმედების თაყვანისმცემლად მოიხსენიებს. მის ნამუშევრებს შემიძლია დაუსრულებლად ვუყუროო, გვეუბნება ის:
”ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება, მის ნახატებში ყოველთვის სიახლეს ვპოულობ. მისი ნამუშევრები განწყობას გიქმნის. მას ფერის განსაკუთრებული შეგრძნება აქვს.”
ლევან ლაღიძეს ფერწერის საკუთარი ხედვა აქვს. შეიძლება სწორედ აქ იმალება საიდუმლო მისი ნახატებისა, რომლებსაც ერთხელ თუ ნახავ, არ შეიძლება, რომ დაგავიწყდეს ან სხვა ავტორის ნახატში აგერიოს. თუკი სულ ცოტათი სიტყვებით ვითამაშებთ, მაშინ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლევანმა თავის ფერწერას თავისი ხელწერა მკაფიოდ დაამჩნია:
”ფერწერა ფერთა გამოჩენის ხელოვნებაა. ჩემთვის კი ის ფერთა დამალვის ხელოვნებაა. ფერი უნდა დამალო, რომ მნახველის პროვოცირება მოახდინო და ეძიოს ის, რაც შენ ნახატში დამალე”, – ამბობს ლევან ლაღიძე.