1937 წლის 29 ივნისს სანდრო ახმეტელი და მისი “თანამოაზრეები” დახვრიტეს
დღეს, 29 ივნისს, სანდრო ახმეტელისა და მისი 4 “თანამოაზრის” დახვრეტიდან 75 წელი გავიდა. 1937 წლის 29 ივნისს რეჟისორი ალექსანდრე ახმეტელი და მისი “თანამოაზრეები”, მსახიობები – 54 წლის პლატონ კორიშელი, 33 წლის ელგუჯა ლორთქიფანიძე, 36 წლის გია ქანთარია და 36 წლის ივანე ლაღიძე – დახვრიტეს.
საბჭოთა რეპრეისულმა მანქანამ მათი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დასის წევრებს ბრალად დასდეს ჯაშუშური საქმიანობა ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ, ტროცკისტულ-ზინოვიევური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა. ახმეტელი დაადანაშაულეს სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის საფარქვეშ მეამბოხე სამხედრო დაჯგუფებების შექმნაში და ბაქოში, სოხუმში, გროზნოში, სტალინირსა და საქართველოს რაიონებში, ამ მეამბოხე სამხედრო ჯგუფების მიერ 35 ადამიანის “გადაბირებაში”. ახმეტელს ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობაშიც დასდეს ბრალი.
ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”. ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც. სანდრო ახმეტელის საქმე გამოიყენეს არა მარტო მის წინააღმდეგ, არამედ მთელი ქართული ინტელიგენციისა და პოლიტიკური ელიტის გასანადგურებლად.