ვინ და როგორ გაიტაცა თბილისის ცენტრში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან 890 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა

268439389ნიკა ლაშაური

რკინის წყვილი

– ხომ არ დაიღალე, კოსტია?

– კოტე, რის კოსტია. რამდენჯერ უნდა გითხრა, არ მევასება, როცა ასე მომმართავ. ისე კი, რა დამღლიდა. ჩვენები მეცოდებიან, ღმერთმა აცხონოს. შენ რა, დაიღალე, ვასო?

– აი, მე ხომ არ მწყინს, ვასოს რომ მეძახი და არ გთხოვ, ვასილი დამიძახე-მეთქი?

– თუ გინდა, დაგიძახებ.

– არა, არა, კოსტია… ბოდიში, კოტე.

კაპიტნები – კონსტანტინე ლაღიძე და ვასილ ანდრეევი ოფიცერთა სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ და ავღანეთში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის უშიშროების ძალების საუკეთესო მებრძოლებად ითვლებოდნენ. მათ „რკინის წყვილს“ უწოდებდნენ და ყველაზე რთულ დავალებებზე მათ უშვებდნენ.

1982 წლის 4 ივლისს, ოფიცერთა სპეცრაზმში, რომელშიც 20 მეომარი შედიოდა (მათ შორის იყვნენ კოტე ლაღიძე, მეტსახელად „ელვა“ და ვასილ ანდრეევი – მეტსახელად „ღამურა“), ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან გაგზავნეს.

დაზვერვის ინფორმაციით, ავღანეთში ამერიკელების მიერ გამოგზავნილი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები – „სტინგერები“ უნდა შემოეტანათ, საბჭოთა სპეცმეომრებს კი ეს არსენალი უნდა გაენადგურებინათ და არ დაეშვათ ავღანეთში მათი გავრცელება. მეომრები „მი-24“ ტიპის ვერტმფრენით გადასხეს საზღვრამდე 40 კილომეტრის დაშორებით. შემდეგ მათ ფეხით უნდა ევლოთ. მაგრამ, დაშვების დროს ვერტმფრენმა მოულოდნელი ავარია განიცადა, ჩამოვარდა და აფეთქდა. დაიღუპა 22 ადამიანი და მხოლოდ „რკინის წყვილი“ გადარჩა. მათ ავტომატები აისხეს, მსუბუქად შეიარაღდნენ და, ყველაფრის მიუხედავად, დავალების შესასრულებლად წავიდნენ.

ელვამ და ღამურამ ძალიან მალე გაიარეს 40-კილომეტრიანი გზა მთაში და 5 ივლისის დილას ამერიკულ ვერტმფრენ „აპაჩის“ დახვდნენ, რომელსაც პაკისტანიდან რაკეტები ჰქონდა შემოტანილი. იარაღს სამოცი მოჯაჰედი დახვდა, მაგრამ რკინის წყვილმა იარაღით გაძეძგილი „აპაჩი“ გაიტაცა და „ცეერუს“ ბაზაზე მიიტანა. ამ არნახული გმირობისთვის ანდრეევს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს, ლაღიძე კი ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. კოტე ლაღიძე იმდენად მძიმედ იყო დაჭრილი, მას ჯერ იქვე გაუკეთეს სასწრაფო ოპერაცია, შემდეგ კი მოსკოვში გადააფრინეს.

კოტე ლაღიძე მხოლოდ 9 თვის შემდეგ დადგა ფეხზე და, როდესაც თავისი მეწყვილე მოიკითხა, უთხრეს, უგზო-უკვლოდ დაიკარგაო.

ელვას ძალიან უჭირდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. მას ჯერ მაიორობა მიანიჭეს, შემდეგ კი ლუბიანკაზე „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში გაამწესეს სამუშაოდ.

განსაკუთრებული განყოფილება

კოტე ლაღიძეს ძალიან ენდობოდნენ, ამიტომ ის „კაგებეს“ განსაკუთრებულ განყოფილებაში დანიშნეს უფროსის მოადგილედ. ეს განყოფილება „კაგებეშიც“ კი ყველას შიშის ზარს სცემდა, რადგან დიდი უფლებები ჰქონდა და შეეძლო, კოლეგები ეკონტროლებინა. ელვამ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით ისარგებლა და ავღანეთის გმირების კლასიფიკაციის საბაბით, ვასილ ანდრეევის, იგივე ღამურას მოძებნა გადაწყვიტა. ლაღიძემ პირადად მოჰკიდა ამ საქმეს ხელი და გაოგნდა. მისი მეგობარი, საბჭოთა კავშირის გმირი, მაიორი ვასილ ანდრეევი დახვრეტილთა სიაში აღმოჩნდა. ღამურას საქმეში მხოლოდ განაჩენის მუხლი იყო აღნიშნული, საქმის დეტალები კი არ ეწერა. ამ გარემოებამ ლაღიძე კიდევ უფრო დააინტერესა. ის ხშირად იმეორებდა: ვასკა მოღალატე? გამორიცხულია! აქ რაღაცაშია საქმე და უეჭველად უნდა გავიგოო. თუმცა ლაღიძეს უთხრეს, რომ ასეთი საქმეები „კაგებეს“ თავმჯდომარის, ანდროპოვის პირად არქივში ინახებოდა, რომელიც ლუბიანკაზე ცალკე იყო განთავსებული. იქ შესვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა, ელვა კი იმ ადამიანთა სიაში არ შედიოდა. სპეცარქივებში შესაღწევად დაინტერესებულ პირს სპეციალური მოთხოვნა უნდა გაეგზავნა „კაგებეს“ თავმჯდომარისთვის და მასში არგუმენტირებულად უნდა ჩამოეყალიბებინა მიზეზი. ლაღიძეს ასეთი მიზეზი არ ჰქონდა და მისი ძალისხმევა უპერსპექტივო იყო. თუმცა, ელვას იმედი არ დაუკარგავს და არქივში შეღწევის გზების ძიებას განაგრძობდა.

საქმე ¹199

კოტე ლაღიძეს ექვსი თვე დასჭირდა სპეცარქივში შესაღწევად. ის ღამურას საქმეს გაეცნო, ეს იყო საქმე ¹199. ელვა გააოგნა საქმის გაცნობამ, რომელშიც ეწერა: „მაიორი ვასილ ანდრეევი, საბრძოლო მეტსახელით ღამურა, გამოძახებული იქნა ოპერატიული სამმართველოს უფროსთან, გენერალ პარკოვთან. მას გააცნეს სამოქმედო გეგმა – „იუდეა“ და მისი შესრულება დაავალეს. ეს გეგმა მიზნად ისახავდა ისრაელის დედაქალაქში, თელ-ავივში ტერორისტული აქტის ჩატარებას იმ დროს, როდესაც ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე პოპულარული ანსამბლი „სმოუკი“ უნდა გამოსულიყო. ეს აქცია დიდ პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისკენ იყო მიმართული. თუმცა, ანდრეევმა მის შესრულებაზე უარი თქვა და ამით მიზანმიმართულად ჩაშალა პოლიტიკური აქცია, რაც სამშობლოს ღალატია. ანდრეევი ღალატის მუხლით გაასამართლა სამხედრო ტრიბუნალმა, დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენის აღსასრულებლად პატიმარი ვლადიმირის ციხეში გადაიყვანეს. თუმცა, ბოლო მომენტში მას დახვრეტა მკურნალობით შეუცვალეს და საბოლოოდ, ქალაქ ყაზანის სპეცსამკურნალო დაწესებულების, ¹6 ბლოკში გადაიყვანეს“.

ლაღიძეს ფენომენური მეხსიერება ჰქონდა. ღამურას ოცფურცლიანი საქმის ყველა დეტალი სახლში მისვლისთანავე ფურცელზე გადაიტანა და საიმედოდ შეინახა. ელვა მიხვდა, რომ თელ-ავივის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილ აფეთქებას 3 ათასი ადამიანი შეეწირებოდა. ეს კი იმისთვის სჭირდებოდა საბჭოთა კავშირს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩაეშალა. ბოლო მომენტში „კაგებემ“ სხვა დივერსანტს დაავალა ეს საქმე. თუმცა, „მოსადმა“ ის შეიპყრო, საბჭოეთმა კი მასზე კატეგორიული უარი განაცხადა. „კაგებე“ ვარაუდობდა, რომ „მოსადს“ სწორედ ღამურამ შეატყობინა დაგეგმილი ტერაქტის ამბავი და იმიტომაც გაიმეტეს საწამებლად. თუმცა, ღამურა მაინც ვერ გამოტეხეს ღალატში.

მეკავშირე შვარცმანი

მაიორი კოტე ლაღიძე პატიოსანი ადამიანი იყო და სჯეროდა, რომ თავისი საქმიანობით სიკეთეს ემსახურებოდა. თუმცა, ანდრეევის საქმემ მას თვალი აუხილა და მიხვდა, რომ საბჭოეთი ბოროტების იმპერია იყო, რომელიც თავისი შავ-ბნელი მიზნების განსახორციელებლად ათასობით უმწეო ბავშვსაც კი დახოცავდა. ამიტომ, ღამურა მის თვალში ჭეშმარიტი გმირი იყო და მისი გათავისუფლება განიზრახა, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო.

ელვამ მოქმედების თანმიმდევრული გეგმა შეადგინა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „მოსადს“ უნდა დაკავშირებოდა. ისრაელის სპეცსამსახურთან კავშირი მას საბჭოთა კავშირის ბოროტი ზრახვების მხილებაში სჭირდებოდა. მაიორს მაღალი თანამდებობა ეკავა და ისრაელის დაზვერვას პირადად ვერ დაუკავშირდებოდა. ამიტომ, მეკავშირე სჭირდებოდა. ასეთი ადამიანი ელვამ დიდხანს ეძება და პოდპოლკოვნიკი შვარცმანი შეარჩია. დიმიტრი შვარცმანი ებრაელი იყო, საგარეო დაზვერვაში მუშაობდა და უცხოელებთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა საქმე ძალიან სარისკო გახლდათ, რადგან შვარცმანი მტკიცე რწმენის კაცი იყო და ლაღიძეს ასე იოლად არ დაჰყვებოდა.

1983 წლის 18 დეკემბერს, ლაღიძე და შვარცმანი ერთმანეთს კაფე „მოსკოვში“ შეხვდნენ. ელვამ კოლეგას დაწვრილებით უამბო ყველაფერი.

– წესით, არ უნდა გენდოთ, მაგრამ მე თქვენი მჯერა, რა უნდა გავაკეთო? – ჰკითხა შვარცმანმა ლაღიძეს.

– „მოსადს“ ღამურა უნდა გავათავისუფლებინოთ. ამის შემდეგ კი, აი, ეს დოკუმენტები უნდა გამოქვეყნდეს მსოფლიო პრესაში, – უთხრა შვარცმანს ლაღიძემ და მას ანდრეევის საქმის ზუსტი ასლი გადასცა, რომელიც მეხსიერებით გადაიტანა ქაღალდზე.

წამებული მაიორი

ლაღიძეს არანაირი გარანტია არ ჰქონდა, რომ შვარცმანი მას არ გათქვამდა, თუმცა პოდპოლკოვნიკი ნორმალური ადამიანი აღმოჩნდა, ელვას დავალებით „მოსადს“ დაუკავშირდა და მისი თხოვნა გადასცა.

1984 წლის 5 იანვარს „მოსადელი“ მეკავშირე ელვას დაუკავშირდა. შეხვედრა ისევ კაფე „მოსკოვში“ შედგა. ებრაელმა ოფიცერმა მაიორს უთხრა:

– ჩვენ თანახმა ვართ, ღამურა გავათავისუფლოთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ ისრაელში გადასვლა შემოგთავაზოთ. ხომ გესმით, რომ დარტყმის ქვეშ ხართ და შეიძლება, აგიყვანონ.

– შვარცმანი?

– შვარცმანი თანახმაა გადასვლაზე და მაიორ ანდრეევის გათავისუფლებას ელოდება.

– მე ვრჩები.

„მოსადელი“ მეკავშირე დაუმშვიდობებლად წავიდა. მეორე დღეს კი ¹6 ბლოკის სანიტარმა ანტონ ბოკოვმა, რომელსაც 5 ათასი მანეთი გადაუხადეს, სანიტრის ხალათებში გამოწყობილი „მოსადელები“ შეუშვა შიგნით. ისინი, ოთხნი იყვნენ და პისტოლეტები, გაზის ბალონები ჰქონდათ დამალული ტანსაცმელში, ასევე, შპრიცი დასაძინებელი წამლით, ნემსი იმ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ, თუკი ღამურა სკანდალს ატეხდა.

აგენტებმა მშვიდობიანად შეაღწიეს საგიჟეთში. მერვე პალატაში შევიდნენ, სადაც ღამურა იწვა. მას წვერი ჰქონდა მოშვებული და ძალიან გამხდარი იყო. კანი ლიმონივით გაყვითლებოდა. 40 წლის ღამურა 80 წლის მოხუცს ჰგავდა და ისე იყო ნაწამები, სხეულზე ჯანმრთელი ნაწილი აღარ ჰქონდა. „მოსადელებმა“ ყოფილი საბჭოთა მაიორი ხელით წამოიყვანეს და უკვე ეზოში იყვნენ, როდესაც საავადმყოფოს შეიარაღებულმა დაცვამ ცეცხლი გახსნა. დაიჭირა ორი „მოსადელი“, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს და საშინლად ნაწამები მაიორიც თან წაიყვანეს. მეორე დღეს ყველანი ისრაელში ჩავიდნენ.

გაუჩინარება

ღამურას გატაცებამ შვარცმანის გაქცევამ და საქმე ¹199-ის მსოფლიო პრესაში გამოქვეყნებამ, საბჭოეთში დიდი სკანდალი გამოიწვია. „კაგებეში“ შიდა გამოძიება დაიწყო, რომელსაც პირადად გენერალი კონკინი ჩაუდგა სათავეში. ის ჯალათის სახელით იყო ცნობილი და ცხრავე ეჭვმიტანილი ისე აწამა, რომ ყველა დააინვალიდა. თუმცა, არც ერთი მათგანი არ იყო დამნაშავე. ხორცებს მათ გაზით აგლეჯდნენ, ხოლო იარებში მარილს აყრიდნენ. კონკინი სადიზმის გარდა, მაძებრის ყნოსვითაც იყო დაჯილდოებული და ძალიან მალე ლაღიძეზე მიიტანა ეჭვი. თუმცა, მის დასაკავებლად რომ მივიდნენ, მაიორის ბინა ცარიელი დახვდათ. გენერალმა ლაღიძის საწერ მაგიდაზე წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: „მივდივარ. არ მეძებოთ, მაინც ვერ მიპოვით. მე ვიყავი და კვლავ ვრჩები პატიოსან ადამიანად. ასე რომ, არავის სამსახურში ჩადგომას არ ვაპირებ. საბჭოეთი კი ბოროტების იმპერიაა და აუცილებლად დაიშლება“.

P. S. კოტე ლაღიძეზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა და „კაგებე“ მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამწარებული ეძებდა. მის მოსაკლავად საბჭოთა უშიშროებამ საუკეთესო ქილერები დარაზმა. მიუხედავად ამისა, ქართველი ეროვნების ყოფილი მაიორი, ვერსად აღმოაჩინეს. არსებობს ვარაუდი, რომ მან გარეგნობა შეიცვალა და საიმედოდ მიიმალა. „ეფესბეში“ დღემდე ძებნაა ლაღიძეზე გამოცხადებული და მასზე გაცემული სანქცია უკვე 27 წელია, ძალაშია.

წყარო: http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=268439389&year=2014&rubr_id=21&jurn_id=2