დავით ლაღიძე
ავტობიოგრაფია
მე, დავით დავითის ძე ლაღიძე, დავიბადე 1942 წლის 5 აპრილს სოფელ გურჯაანში. მამა, დავით მიხეილის-ძე ლაღიძე, დაბადებული იყო 1910 წელს, სოფელ გურჯაანში, განათლებით ინჟინერ-მექანიკოსი, 1941-45 წლების დიდი სამსამულო ომის მონაწილე, რომელმაც ჯავშანის მიუხედავად, რომელიც მას ჰქონდა სამსახურიდან, (მუშაობდა მანქანა-ტრაქტორთა სადგურის „მტს“ -ის მთავარ ინჟინრად და არ ეკუთვნოდა ფრონტზე წასვლა) მაინც წავიდა და დაბრუნდა მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ 1945 წელს. ოცი წლის მანძილზე, პენსიაზე გასვლამდე, იგი მუშაობდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დირექტორად. გარდაიცვალა 1989 წელს.
დედა, ნუნუ ილიას ასული ნიბლაძე, შემდგომ მოღვაწეობაში ლაღიძე, დაბადებული იყო 1912 წელს სოფელ გურჯაანში. იყო პედაგოგი, ასწავლიდა გერმანულ ენას. პარალელურად აქტიურად მოღვაწეობდა სამწერლო ასპარეზზე. გამოცემული აქვს საბავშვო წიგნები: „ჩემი ბაღი“ და „ჭიკ-ჭიკ, ჭიკ-ჭიკ“-ი. რეგულარულად თანამშრომლობდა რაიონულ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, როგორც ლექსებისა და მოთხრობების, ასევე სხვადასხვა ტემატიკის სტატიების ავტორი. გადაიცვალა 1979 წელს.
1949 წელს შევედი გურჯაანის საშუალო სკოლის პირველ კლასში, რომელიც დავამთავრე 1959 წელს ოქროს მედალზე. ამავე წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველ კურსზე. 1961 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან, სადაც წარჩინებულ სტუდენტად ვითვლებოდი, გადავედი სასწავლებლად მაშინდელი ლენინგრადის (დღევანდელი პეტერბურგის) უძველეს სარკინიგზო ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1965 წელს და სამუშაოდ განაწილებული ვიყავი ქ.იაროსლავში „ჩრდილოეთის რკინიგზის“ სამმართველოში, სადაც ვიმუშავე ინჟინრის სხვადასხვა თანამდებობაზე.
1968 წელს, როგორც თადარიგის ოფიცერი გაწვეული ვიყავი სამხედრო სამსახურში, ვიმსახურე ყაზახეთში, ქალაქ პრიოზიორსკში. დემობილიზებული ვიქენი 1970 წელს.
1968 წელს დავქორწინდი თინა ბესარიონის ასულ მჭედლიშვილზე. გვყავს ორი ქალიშვილი, ორივე დაოჯახებული. უფროსი- ნინო ლაღიძე ექიმი ოფთალმოლოგია, უმცროსი, ლელა ლაღიძე კი სტომატოლოგი. გვყავს ოთხი შვილიშვილი. მეუღლე მკურნალი ექიმია.
1970 წელს ვმუშაობდი ქალაქ გურჯაანში სხვადასხვა თანამდებობებზე, როგორც მშენებელი და როგორც მეღვინე ტექნოლოგი. 1985 წელს დავამთავრე მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, სპეციალობით „მეღინეობის ტექნოლოგია“.
1990 წლიდან დაკავებული ვარ საგამომცემლო საქმიანობითა და მეღვინეობით, როგორც 2007 წლიდან უკვე პენსიონერი. გამოცემული მაქვს ლექსებისა და მოთხრობების წიგნი „ნაკაწრი სულის ნაღვენთი“, გამოსაცემად მზად მაქვს მეორე წიგნი „სიყვარული, სიყვარული“, რომელიც ჯერ ვერ გამომიცია საჭირო დაფინანსების უქონლობის გამო. ვცხოვრობ ქ. გურჯაანში.