მიტროფანე ლაღიძე

საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი, საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების ფუძემდებელი.

მიტროფანე ლაღიძემ 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ქუთაისში კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში, პარალელურად მუშაობდა ივანოვსკის ლიმონათის ქარხანაში, სადაც კარგად დაეუფლა ხილის წვენების დამზადების წესებს და შემდეგ საწარმოს  სათავეში ჩაუდგა.

1902 წელს ლაღიძე საზღვარგარეთ გაემგზავრა. გერმანიასა და საფრანგეთში მან ხილეულის დამზადების ტექნოლოგიების ცოდნა გაიღრმავა და 1906 წელს თბილისში თავისი ქარხანა და მაღაზია გახსნა.

ლაღიძემ პირველმა გამოიყენა წარმოებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხილი ნატურალური უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად. მანვე შეიმუშავა ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ხილის ესენციების რეცეპტურა და მიღების ტექნოლოგია. მის მიერ დამზადებულ სასმელებს მიღებული აქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები ვენის, პეტერბურგისა და  სხვა  გამოფენებზე.

აღსანიშნავია, რომ ლაღიძის მიერ შემუშავებული რეცეპტურა საფუძვლად დაედო უალკოჰოლო სასმელების წარმოების განვითარებას მთელს საბჭოთა კავშირში. 1934 წელს ის უკრაინაში მიიწვიეს. მიწვეული იყო მოსკოვისა და ლენინგრადის ლიმონათის ქარხნებში, ასევე – კვების მრეწველობის სამინისტროში კონსულტანტად. არაერთხელ მიიპატიჟეს ეგვიპტეში, ირანსა და სხვა ქვეყნებში საკუთარი წარმოების გასახსნელად. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის უალკოჰოლო სასმელების ქარხანას.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ლაღიძე იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ასევე დრამატული საზოგადოების აქტიური წევრი და დიდი ქველმოქმედი.  მატერიალურად ეხმარებდა მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილიასთან, აკაკისთან და სხვებთან. ის გამოსცემდა ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებს.

მიტროფანე ლაღიძე და ლიმონატის ისტორია
ფილმი მიტროფანე ლაღიძეზე