რევაზ ლაღიძე

რევაზ ილიას ძე ლაღიძე დაიბადა 1921 წლის 10 ივლისს სოფელ ბაღდათში (ბაღდათის რაიონი). დედა—ლუბა ჯაფარიძე, ძალიან კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. მამა — ილია ლაღიძე, თბილისში, რკინიგზის სამმართველოს მთავარი ბუღალტერი იყო.

მუსიკის სიყვარული ლაღიძეების ოჯახს ტრადიციულად მოსდგამდა. დედა ხალხური სიმღერის დიდი მოტრფიალე იყო. მამიდას ქმარი, ვასო გოგაძე არაჩვეულებრივად ფლობდა ინსტრუმენტებს. სწორედ მან აჩუქა თავისი ვიოლინო მომავალ კომპოზიტორს. ძლიერი მუსიკალური შთაბეჭდილება, ბიძგი რომ მისცა რ. ლაღიძის ნიჭის გამოვლინებას ობჩაში მოხდა, სოფლის სკოლის ეზოში, სადაც ის არდადეგების დროს ბავშვებთან ერთად ბურთს თამაშობდა, რეპროდუქტორიდან შემოესმა ზ. ფალიაშვილის „დაისის“ შესავლის ჰანგები, დაუვიწყარი იყო მისი მღელვარება, რომელიც მაშინ განიცადა. ასე შედგა პირველი შეხვედრა მუსიკასთან. ამის შემდეგ მთელი ცხოვრება ზ. ფალიაშვილი მისი კერპი და სიამაყე გახდა.
1927 წ. სწავლას იწყებს თბილისის მე-6 საშუალო სკოლაში და მე-7 მუსიკალურ სკოლაში. ბავშვი, რომელიც ბურთის თამაშით იყო გატაცებული, უცბად სხვა გარემოში მოხვდა. ვიოლინოზე დააწყებინეს დაკვრა. ძალიან კარგი პედაგოგი ჰყავდა, თუმცა საშინელი პედანტი. სამჯერ გადაწყვიტა მუსიკისათვის თავი დაენებებინა, არ უნდოდა ვიოლინოთი სიარული, რადგან მის ასაკში ეს ბიჭებს ეთაკილებოდათ, მეოთხედ კი გადაწყვეტილება უკვე საბოლოო იყო.

ერთ დღეს სკოლაში მოეწყო თვითშემოქმედებითი კონცერტი. აქ გამოადგა სავიოლინო გამოცდილება. სცენაზე მოხეტიალე მუსიკოსის როლში გამოვიდა. დიდი წარმატება ჰქონდა. კონცერტის შემდეგ უთხრეს, ერთი ქალი მეორე დღისათვის მამასთან ერთად გიბარებსო. მივიდნენ. ეს ქალი აღმოჩნდა სასიქალულო მუსიკოსი, ერთ-ერთი პირველი ქართველი პიანისტი ლარისა ქუთათელაძე. თბილისის მე-4 სასწავლებლის დირექტორი, სწორედ ამ ბედნიერმა დღემ გადაწყვიტა მისი მუსიკოსობა. მაშინ იქ ლუარსაბ იაშვილი ასწავლიდა. მას მიაბარეს. პედაგოგმა ძალიან დააინტერესა. იგი გატაცებით მუშაობდა ბგერაზე.

ცოტა ხნის შემდეგ მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტისათვის დაწერა სამი მინიატურა: „მგზავრული“, „იავნანა“, „აღმოსავლური ცეკვა“. ამ კვარტეტში თვითონაც მონაწილეობდა. სასწავლებლის კონსულტანტი იყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი, დიდებული ადამიანი. ლუარსაბმა სთხოვა მოესმინა რ. ლაღიძის ნაწარმოებები. დიმიტრი არაყიშვილმა და ცნობილმა თეორეტიკოსმა შალვა ასლანიშვილმა მოისმინეს პიესები. დ. არაყიშვილმა, რომელსაც მისი მინიატურები მოეწონა, ურჩია ეფიქრა მომავალზე და სწავლა საკომპოზიტორო ფაკულტეტზე გაეგრძელებინა.

1941 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). თბილისის მე-4 სამუსიკო სასწავლებელში (1937-1941 წ.წ.) ვიოლინოს კლასში მიღებული განათლება საწინდარი გახდა იმისა, რომ ჩარიცხულიყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ ანდრია ბალანჩივაძის კლასში. ანდრია ბალანჩვაძე ძალიან მომთხოვნი პედაგოგი იყო. რ. ლაღიძე დიდი დატვირთვით მეცადინეობდა. პარალელურად კი, რადგან ომის პერიოდი იყო და ხალხს უჭირდა, ორ ადგილას მუშაობდა. 1941 – 1949 წლებში ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში. 1942-1951 წ.წ. მუშაობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრში მევიოლინედ. დილით სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა, მერე—რადიოკომიტეტში. მიუხედავად ასეთი დატვირთვისა პ. ჩაიკოვსკის სახელობის სტიპენდიანტიც იყო.

კონსერვატორიაში შესვლისთანავე, პირველივე წელს დაწერა სიმებიანი კვარტეტი, ვარიაციები, „ორი სიმღერა“. სიმფონიურ ორკესტრში მუშაობამ დიდად შეუწყო ხელი მის პროფესიულ მომწიფებას. გაფორმებული იყო კონცერტმეისტერის დამხმარედ. მერე დასვეს ბოლო პულტზე. წინ პარტიტურა ედო, უკრავდა: ბეთჰოვენს, ვაგნერს, ბერლიოზს, შუმანს, ლისტს, ჩაიკოვსკის. ასე დაეუფლა პარტიტურის კითხვას, საორკესტრო ხელოვნებას. ბევრი ნაწარმოები შეისწავლა.

საფორტეპიანო ვარიაციები მისი პირველი ნაწარმოებია. 1948 წ. კონსერვატორიაში სადიპლომო შრომის, სიმფონიური პოემის ,,სამშობლოს” მოსასმენად მკაცრი კომისია შეიკრიბა, დიდი ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები, რომლებსაც ბეთჰოვენზე, ჩაიკოვსკიზე, შოპენსა და სხვა გენიალურ შემოქმედებზე ჰქონდათ ყური მიჩვეული და ტყუილაუბრალოდ საქებს ვერაფერს ათქმევინებდი… და ის ზეიმობდა „ხუთიანს“. ეს იყო მისთვის იმედის ვარსკვლავი. ასე დამთავრდა სტუდენტობის ხალისიანი ხანა.

1948 წ. ამთავრებს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიას კომპოზიციის კლასით (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი), ხოლო 1952 წ. ასპირანტურას კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით.

1949 წლიდან იყო კომპოზიტორთა კავშირის წევრი. 1949 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნა ქართული მუსიკის დეკადა, სადაც კონცერტის მეორე განყოფილების დასასრულს შესრულდა სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“ საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

რ. ლაღიძეს ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე-კუნჭული, სწორედ აქედან მოდიოდა ხალხური სიმღერების სიყვარული. სიმღერა ნოტებით არასდროს უსწავლია. საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერა იცოდა. სწორედ ხალხური ჰანგის გამოყენებით შექმნა „საჭიდაო“. მინიატურულ კომპოზიციათა შორის ამ ნაწარმოებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი შევიდა კონცერტის პროგრამაში, რომელიც ქართველი ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის დღეებში შედგა მოსკოვში 1958 წლის 28 მარტს.

რ. ლაღიძის მემკვიდრეობის სრულიად უნიკალური მოვლენა მისი უკვდავი სიმღერებია, სადაც ბორგავს სული ქართული, სიტყვა ქართული, მზე ქართული, ეშხი და პეწი გაუხუნარი ივერიისა.

სიმღერის წერა დაიწყო ა. ყაზბეგის ტექსტზე დაწერილი რომანსით „ჩივილი“ შემდეგში კი უმეტესად მის მეგობარ, პეტრე გრუზინსკისთან ერთად მუშაობდა. ის ბრწყინვალე პოეტი, ბაგრატიონთა შთამომავალი იყო. რ. ლაღიძის პირველი სიმღერების პირველი შემსრულებელი კი — გულნარა ქართველიშვილი.

მას არასოდეს უოცნებია კომპოზიტორობაზე, მამამისი რომელიც მეტად თავშეკავებული კაცი გახლდათ, იტყოდა ხოლმე: „ნეტავი ამ ონავრისაგან დადგება ოდესმე კაცი?“. ის აიძულებდა ესწავლა მუსიკა. შემდგომში, როდესაც მამამ სიმღერები მოისმინა, ძალიან გაიკვირვა: „რეზო, ეს შენა ხარ?“.

რ. ლაღიძის უმდიდრესი მელოდიური სამყარო მარადიული ფასეულობების საგანძურშია შესული. მისი მუსიკა დღითიდღე სულ უფრო ცხოველმყოფელი ხდება. ავტორი ისეთი მაღალმხატვრული ნაწარმოებებისა, როგორიცაა მუსიკალური კომედიები “მეგობრები” (1951) და “კომბლე” (1957), სიმფონიური პოემა “სამშობლოსათვის” (1949), სიმფონიური სურათი “საჭიდაო” (1952), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა (“სიმღრა სამშობლოზე”, “ბალადა ვაზზე”, “ოდა მესხეთზე”, “მოხეური ბალადა” და სხვა), საფორტეპიანო (“ტოკატა” და სხვა) და ჩელოს (“პოემა”, “ელეგია” და სხვა) პიესები, ერთნაწილიანი კანტატა “მელის ვარძია” შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის (1966, ირ. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან “რუსთაველის ნაკვალევზე”), ოპერა „ლელა“ (1973), რომლის პრემიერა 1975 წელს შედგა და მიუძღვნა თავის ქალიშვილს, „განთიადი“, „ჰიმნი დედაენას“, „ჩემო კარგო ქვეყანა“, „აყვავილდა ნუში“, „ტყე შეუნახეთ შვილებსა“, „სიმღერა თბილისზე“, „მუხამბაზი თბილისს“, „წუთისოფელი“, „ჰიმნი ქუთაისს“ და სხვა.

რ. ლაღიძე თავს დასტრიალებდა კინოსტუდია „ქართულ ფილმს“. 1960-1962 წ.წ. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ქრონიკულ-დოკუმენტური და მეცნიერულ-პოპულარული ფილმების მუსიკალური რედაქტორია; იგი ყველგან იყო, სადაც მისი მუსიკით ფილმს იღებდნენ. ქართული ფილმების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის სიმღერებია, რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით მღერიან ქართველი შემსრულებლები. აღსანიშნავია კინოფილმები: „საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ხევისბერი გოჩა“, ,,ხევსურული ბალადა”, ,,კეთილი ადამიანები”, ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, ,,შეწყვეტილი სიმღერა”, ,,წუთისოფელი” და სხვა სულ 30-ზე მეტი. ქმნიდა მუსიკას სპექტაკლებისათვის. გაფორმებული აქვს 40-ზე მეტი სპექტაკლი – გ. ქელბაქიანის “ახალგაზრდა მასწავლებელი”, ლ. ქიაჩელის “ტარიელ გოლუა” და სხვა.

რევაზ ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მუსიკის კათედრას ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1964 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი). 1978 წელს ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მიენიჭა პროფესორის წოდება;
1958 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება; 1961 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; 1967 წელს მიენიჭა კომკავშირის პრემია; 1975 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია; 1978 წელს მიენიჭა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია.

რ. ლაღიძე არა მარტო შემოქმედებით, მთელი თავისი არსებით იყო ჯანმრთელი სიცოცხლის მოყვარული და მომღერალი, მისი გატაცებები ნადირობით, ეს იყო ბუნებასთან დიდი სიახლოვე. გაშლილი ბადით მშობლიური მდინარეებიდან თევზებთან ერთად თითქოს იდუმალი ხმები მარგალიტებივით ამოჰყავდა. საქართველოს ყველა კუთხეში ყავდა თავისი დოსტები, სახელგანთქმული მონადირეები და მეთევზეები. მის რომანტიკულ არსებაში ბუნება მღეროდა და ისიც ბუნების კილოზე სიმღერას ეშურებოდა. მისი მუსიკა საქართველოს ჰგავდა. რ. ლაღიძეს იცნობდნენ როგორც მგღძნებარე მონადირესა და მებადურს, მაგრამ თოფითა და ბადით იგი რდოს უფრო კლავდა, ვიდრე ფრინველს, თევზსა თუ ნადირს. მონადირეობა საბაბი იყო იმისა, რომ ფეხით შემოევლო სათაყვანებელი საქართველოს ველ-მინდვრები, მისი მთა-ბარი დამტკბარიყო მშობლიური მიწა-წყლის სიდიადითა და ბარაქით. უნდა გენახათ, როგორ ესიყვარულებოდა ყოველ ბუჩქს, ხეს, წყაროს. სამშობლოს მშვენიერებით აღფრთოვანებულ შემოქმედს უზომოდ უყვარდა მეგობრებთან ერთად ნადირობა, რადგან თვლიდა, ტყე თავისი იდუმალებით, თავისი საოცრებით, ყოველთვის არის შემოქმედებისათვის შთაგონების წყარო.

რ. ლაღიძის შემოქმედებაში სიყვარულის თემა შინაგანი სინაზით და სინატიფით, კლასიკური ფორმების დაცვით მაღალ რანგშია აყვანილი. სიყვარულის იდეალი კი მის შემოქმედებაში მისივე მეუღლის, უმშვენიერესი თინათინ შატბერაშვილის სახით წარმოგვიდგება. შემოქმედი არასდროს არ იყო განცალკევებული, როგორც მეუღლე და როგორც გამოჩენილი კომპოზიტორი. ის იყო რაინდი, მონადირე, მებადური, თამადა, სპეტაკი, გულისხმიერი, ხან ბობოქარი, ხან ბავშვივით გულუბრყვილო, ნაზი…

უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან ყოველთვის სახეგაბრწყინებული და ბედნიერი იყო. ,,მამაჩემის შვილობა, ჩემთვის ბედნიერების განცდაა. ყოველთვის თან მდევს სიამაყე, რომ მე არამარტო კარგი კომპოზიტორის, არამედ კარგი კაცის შვილი ვარ. სადაც კი მოვხვდები, ყველგან რ. ლაღიძის კაიკაცობაზე იწყებენ საუბარს. ამაზე მეტი რა უნდა დაგიტოვოს მამამ…”/ლ.ლაღიძე/ ესიყვარულებოდა და ანებივრებდა მათ. ვერ იტანდა სიმარტოვეს, ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა.

რ. ლაღიძეს ღმერთმა არგუნა სიცოცხლეშივე მოსწრებოდა დიდ აღიარებას არა მარტო მის ქვეყანაში, საზღვარგარეთაც. მისმა კოლეგებმა იგი აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად. ეს კი როგორც მოგეხსენებათ ერთეულთა ხვედრია.

ის ნაკლებად უწევდა ანგარიშს გარედან შემოჭრილ დინებებს, თავის დაძაბული და მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, უმღეროდა იმას, რაც აღელვებდა და შთააგონებდა, წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა.

რ. ლაღიძე გარდაიცვალა 1981 წლის 16 ოქტომბერს თბილისში, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.