გოჩა ლაღიძე
“გოჩა ლაღიძემ თავისი საქმე და სიყვარული მიუძღვნა დიდად საჭირო და ძალიან საინტერესო საქმეს – ძველი ქართული იარაღის, საომარი აღჭურვილობის ხელახალ აღორძინებას. ამ საქმით იგი საზრდოობს სულიერად და არსებობს ფიზიკურად, რაც თავისთავად მოითხოვს რისკსა და დათმობას, როგორც გოჩასაგან, ასევე გოჩასთვის. ის ძალიან კარგად ერკვევა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საუკუნეების საომარი იარაღის დამზადების წესებსა და ფოლადის სიმტკიცის აუცილებლობაში. მას დიდი პასუხისმგებლობითა და გულმოდგინებით შეუძლია თითოეული დეტალის დამუშავება – დახვეწა. არასოდეს დაუშვებს, რომ მისი ნახელავი თავისთვის არ იყოს მოსაწონი. მის გარეშე ის ვერ გაძლებს, იმდენ ხანს უტრიალებს, იმდენად იხარჯება ჯაჭვის პერანგის, ფარისა თუ ხმლის ბოლომდე მიყვანა – სრულყოფისათვის, არ შეისვენებს, სანამ მისთვის აუცილებელ სიტკბოს არ მიიღებს თავისივე მარჯვენიდან. მას აქვს უნარი იმისა, რომ სრულფასოვან პროპორციებში გამოჭედოს ხმალი ან ხანჯალი, რომლებიც ადამიანებისთვის მოსახდენი იქნება.
პირველ რიგში გოჩა ცდილობს არ დაუკარგოს ქართულ იარაღს დამახასიათებელი და ტრადიციული ნიშანი, ამასთანავე ცდილობს ისინი თავისი ახლებური დეტალებითაც გაამდიდროს. მას ბევრჯერ უთქვამს, ჯაჭვის პერანგი, რომელიც საშუალოდ 30000 რგოლისგან შედგება, ერთი რგოლიც თუ გამოდგა ცუდი ხარისხის, “მთელი პერანგი არ ვარგაო”. მე არ მინახავს მის მიერ სამი ერთნაირად გამოჭედილი ფარი, სამივე სხვადასხვა იყო.
გოჩას საქმეში ჩაღრმავება მოიცავს ქანდაკებასთან მიდგომის წესებს, სიმრგვალეებთან, წრიულობასთან, რელიეფურობასთან, ფორმის დეტალების სიბრტყობრივ შერწყმასთან, მთლიანობასთან. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არსებობს სპეციფიკური დარგი – ლითონის მხატვრული დამუშავება, რომელიც აღნიშნულ საქმიანობასთან პირად კავშირშია. და ბოლოს, ის სიხალისე, აღტაცება, ტკბობა ხომ შემოქმედებითი მოვლენებია, რომელიც მუდმივ უწყვეტ ენერგიასა და სიყვარულს მოითხოვს.”
მხატვ.პროფ. ნიკო ხერკელაძე
თბილისი, 4 იანვარი 2005 წელი
გოჩა ლაღიძეზე ვრცელი ინფორმაცია იხილეთ მის ვებგვერდზე http://www.gotscha.nl